III. ბეთლემის უბნის დახასიათება - დასაცავი ფასეულობანი

III.1. უბნის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა

1.1. რელიეფის და ლადშაფტის თავისებურება

უბანი განლაგებულია კლდოვან ფერდზე. სამხრეთიდან მას ესაზღვრება სოლოლაკის ქედი. ტერიტორიას ახასიათებს მეტად დამრეცი რელიეფი დონეთა დიდი სხვაობით. უბნის განაშენიანებული ნაწილის ქვედა და ზედა ნიშნულებს შორის სხვაობა შეადგენს დაახლოებით 55 მ.-ს. ასე მაგალითად, პურის მოედანი - ბეთლემის და ასკანის ქუჩის დასაწყისი მდებარეობს 409,8 - 409,6 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ხოლო უბნის ზედა ნაწილში განლაგებული ნაგებობები მდებარეობს დაახლოებით 463 - 465 მ. სიმაღლეზე. ფერდი ჯერ თითქმის ციცაბო კლდის სახით, შემდეგ კი ტერასების მეშვეობით ეშვება ლ. ასათიანის ქუჩამდე. საკვლევი უბნის გასწვრივ მდებარე ახალგაზრდული (ყოფილი კომკავშირის) ხეივნის მონაკვეთის ნიშნულია 502 მ. ზღვის დონიდან.

გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით უბანში გამოიკვეთება სამი ტერასა. ერთმანეთთან მიმართებით მათი დონეების სხვაობა 10 მ.-ს შეადგენს, შემდეგი ნიშნულებით: ასკანის ქუჩის ღერძის მიხედვით, შესაბამისად I - 409,6; II - 419,8; III - 429,4 მ. ზღვის დონიდან. (გეგმა N2)

განივი მიმართულებით, პირველი და მეორე ტერასა პატარა დონეთა სხვაობით ვითარდება. რაც შეეხება მესამე ტერასას, ვერტიკალური ნიშნულების მიხედვით იგი 15 მ.-ით მაღლდება. გომის ქუჩის დასაწყისში ნიშნული შეადგენს 425, 2 მ.-ს, ხოლო ზედა ბეთლემის ეკლესიის წინ მდებარე ბაქანის ადგილას - 440,6 მ.-ს აღწევს. ბუნებრივი ლადშაფტი მთელი უბნის არეალში ხასიათდება მწირი მწვანე საფარით.

1.2. უბნის აგებულება

საკვლევი არეალი დამრეც რელიეფზე გაშენებულ მიკრო-უბანს ქმნის, რომელსაც დასავლეთიდან საზღვრავს ბეთლემის აღმართი; ესაა ქუჩა-კიბე, რომლის მარშების მიმართულების ცვლა სხვადასხვა დონეზე, მარჯვნივ თუ მარცხნივ მდებარე შენობებთან გვაკავშირებს. უბანს აღმოსავლეთიდან რკალისებურად უვლის ბეთლემის ქუჩა, რომელიც ზედა ნაწილში გომის ქუჩაში გადადის და უერთდება აღნიშნული ქუჩა-კიბის დამასრულებელ განივ ზედა გზას. ამ ორი ქუჩით შემოსაზღვრულ გაშლილ ტერიტორიას შუაზე კვეთს ვერტიკალურად მიმართული ასკანის ქუჩა, ხოლო ამ სამი ძირითადი ქუჩიდან დატოტვილი ვიწრო ჩიხები, შესახვევები და შუკები ჰორიზონტალურად ქსელავს მოცემულ უბანს და უკავშირდება მის ცალკეულ შენობებს.

ეს შესახვევები ხშირად სპეციალურად მომზადებული, საყრდენი კედლებით შემაგრებული ბაქნების სახეს ატარებს და ერთიანობაში დატერასებული განაშენიანების საფუძველს წარმოადგენს. ამას არქიტექტურულ მოცულობათა განლაგების ხასიათიც პასუხობს, ანუ შენობების ძირითადი მასები სწორედ ამ მიმართულებით, ჰორიზონტალურადაა განვითარებული და მათი ფრონტალური ფასადებიც ქვემოთ იმზირება.

ცალკეულ შემთხვევებში, უმთავრესად მთავარი ვერტიკალური (ან აღმართიანი) ქუჩების სიმრუდეებში, ან ორი ქუჩის შეხვედრის ადგილებში, შენობები რელიეფს მიუყვება. ასეთ დროს მათი მთავარი ფასადი კუთხესა და ორ კედელს მოიცავს, რელიეფს პლასტიურად მორგებული ეს მოცულობები მშვენიერი აივნების აჟურით საოცარი დახვეწილობით იხსნება ქუჩის სივრცეში და ერთდროულად გულღია და ინტიმური ექსტერიერ-ინტერიერის სიმბიოზს ბადებს. ამ დინამიურ პასაჟებში უბნის გამორჩეული ჟღერადობის შენობები დგას: ბეთლემისა და ასკანის ქუჩების შემხვედრი კუთხის, ბეთლემის ქ. N3 სახლი (42), გომის ქ. N5/12 (25), გომის ქ. N2 (36), ასკანის I ჩიხი N4 (17) და სხვა სახლები. ვერტიკალური ქუჩებისა და დამხმარე ჰორიზონტალური შესახვევების ქსელის ირგვლივ აკინძული უბნის განაშენიანების ზომიერ სიმჭიდროვეში (გეგმა 3) გაბნეული ცარიელი არეები აუცილებელი ამოსასუნთქი პაუზებია; მათგან მცირე ზომის, რომელიც თითქმის ყოველ სახლს ახლავს და ინდივიდუალური გამოყენება აქვს - ეზოებია; უფრო მოზრდილი საერთო დანიშნულების საზოგადოებრივი სივრცე კი - მცირე მოედნები (გეგმა 4).

ასეთი მოედნები უბანში ორია: ასკანის ქუჩის შუაწელზე და გომის ქუჩის ზედა ნაწილში. ბუნებრივია, ამ მონაკვეთში მდგარი სახლები მთავარი ფასადით მათკენ იქნებიან მოქცეული. ასეა სწორედ გომის ქ. N5/12-ის შემთხვევაშიც.

მისი მთავარი ფასადი სწორედ ამ სივრცული პაუზის მხარესაა მიპყრობილი, თუმცა ქუჩების შესაყარზე მდებარეობის გამო უაღრესად საინტერესოა მისი რელიეფს მორგებული, დინამიკური სხეულის გვერდითი ფასადების გაფორმებაც.

უბნის მჭიდრო განაშენიანებაში გამოიკვეთება ბეთლემის აღმართი N16 ა-სა (12) და ასკანის III ჩიხი N4-ს (23) შორის არსებული საყრდენი კედლის მიმდებარე საკმაოდ ხალვათი ტერიტორია, რომელიც ჩახერგილობის გამო დღეს არ იკითხება.

კიდევ ერთი დიდი პაუზა გაბმულ განაშენიანებაში ბეთლემის ზედა ეკლესიის წინ იქმნება. ჩვეულებრივ ასეა მიღებული თბილისის უბნების სიმჭიდროვეში – ეკლესიებთან დიდი ცარიელი არეებია დატოვებული. მათი დანიშნულება ქალაქმშენებლობითი ხასიათის ორი ასპექტით აიხსნება: დიდ ხუროთმოძღვრულ მოცულობას დიდი სივრცე და მანძილი სჭირდება აღქმისთვის და ურბანულ ქსოვილში მშვიდი ჩაწერისთვის; ამასთან ისინი ეკლესიაში მომსვლელი მრევლის თავშეყრისთვის ნორმალური პირობების შექმნასაც ემსახურება. ასეთივე ფუნქცია აქვს ბეთლემის ეკლესიის წინამდებარე მოედანს. ამ ადგილიდან შესანიშნავი ახლო ხედი იშლება მთელ ქალაქზე, ხოლო შორს - არანაკლებ მშვენიერი ხედია კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებით. ეს დიდი ბაქანი მაღალი, აგურის საყრდენი კედლითაა შემაგრებული.

ბეთლემის უბნის აგებულების აღწერილ თავისებურებას ასეთი ფორმულირება შეიძლება მოვუძებნოთ: ესაა დამრეც რელიეფს შეფენილი, თავის დროზე ძირითადად ბანიანი სახლებისგან შემდგარი ტერასული განაშენიანება, ფრონტალურად განლაგებული, პირით ქვემოთ მიმართული მოცულობათა ფასადებით, სადაც ასეთი გადაწყვეტისას მოსალოდნელ გარკვეულ სტატიურობას და ერთგვაროვნებას ქუჩების კუთხეებში, მოსახვევებსა და პატარა მოედნებთან ამოძრავებული შენობები, მათი არარეგულარული გეგმარება, უცნაური კონფიგურაცია და მხატვრული გადაწყვეტის მოულოდნელი მრავალფეროვნება აცოცხლებს.

1.3. ქუჩების ქსელი, ქალქგეგმარებითი თავისებურება

ასათიანის ქუჩა საკვლევი არეალის გარეთ მდებარეობს, მაგრამ უბნის გეგმარებითი სტრუქტურის განხილვისას აღსანიშნავია, რომ  ის ერთადერთი ძირითადი მაგისტრალური გზაა, რომლის მეშვეობით ხორციელდება კავშირი ქალაქის სხვა ნაწილებთან. ამრიგად, საკვლევი არეალის ქუჩების ქსელის შემადგენელი ნაწილები მხოლოდ ამ უბანს ემსახურება და ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩებს მიეკუთვნება.

უბანში გამოიყოფა შემდეგი სახის საკომუნიკაციო სისტემები - ძირითადი ქუჩები, ჩიხები, შესახვევები და ქუჩა-კიბეები, რასაც ემატება ზემოთ აღნიშნული მცირე მოედნები.

ბეთლემის და გომის ქუჩა, ასკანის ქუჩის მონაკვეთი. აგრეთვე ასკანის I, II, III ჩიხები, ასკანის შესახვევი, ასათიანის I შესახვევი და ბეთლემის აღმართის მონაკვეთები, ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩებია, რომლის მეშვეობითაც უბანში სატრანსპორტო კავშირები ხორციელდება. (გეგმა 5)

უბნის განსაკუთრებულ და მისთვის მეტად დამახასიათებელ საკომუნიკაციო ელემენტს წარმოადგენს ქუჩა-კიბე. ზედმიწევნით რაციონალურად დაგეგმარებული ქუჩა-კიბეების სისტემის მეშვეობით ხორციელდება საფეხმავლო კავშირები უბნის მთელ ტერიტორიაზე. ამასთან ერთად - ეს არის ერთად-ერთი საკომუნიკაციო საშუალება ყველაზე მაღალ ნიშნულზე მდებარე სახლებთან მისასვლელად.

უბნის ისტორიული ჩამოყალიბების პროცესში, შესაძლოა, ეს ქუჩები დაარსდა გარკვეული ტრადიციებისა და გამოცდილების თანახმად, ადრე გაკვალული ბილიკების და საფეხმავლო გზების ღერძების გასწვრივ. ამჟამად, უბნის გეგმარებითი სტრუქტურის ანალიზისას, ვლინდება გააზრებული გეგმარებითი პრინციპების პრევალირება. ამ თვალსაზრისით სტიქიურობის პროცენტი აქ შედარებით დაბალია. რელიეფის კარნახით ჩამოყალიბებული ზემოთაღნიშნული ტერასების გასწვრივ არსებული ქუჩები, შესახვევები და ჩიხები უზრუნველყოფს განივ კავშირებს აღმოსავლეთ-დასავლეთი მიმართულებით. ეს არის ასკანის I, II, III, IV ჩიხები, ასკანის I, II შესახვევი, ქვემო გომის ჩიხი და გომის ქუჩა. გრძივი მიმართულებებით ჩრდილოეთ-სამხრეთ ღერძზე კავშირები მყარდება ბეთლემის, ასკანის ქუჩების და ასათიანის I შესახვევის და ბეთლემის აღმართის მეშვეობით; აგრეთვე ბეთლემის II ჩიხის და გომის I ჩიხის მეშვეობით. ბეთლემის ქუჩის გარდა, დანარჩენი ქუჩები და ჩიხები ზემო ნიშნულების მონაკვეთზე კიბეებით მთავრდება. ასე მაგალითად, ასკანის ქუჩა-კიბის სიგრძე 98, 5 მ.-ს შეადგენს, 20%-იანი დახრილობით, მისი საფეხმავლო კიბიანი მონაკვეთი 41 მ.-ია; ასათიანის შესახვევის სიგრძე – 70 მ.-ია, აქედან კიბიანი მონაკვეთი – 26 მ.-ია. ასევე, ბეთლემისა და გომის ჩიხი-კიბეები, შესაბამისად, 60 და 28 მ. სიგრძისაა. ბეთლემის აღმართის კიბის სიგრძე 93 მ.-ია.

სამანქანო გზის ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება გამჭოლი საავტომობილო მოძრაობა, გრძივი მიმართულებით ასრულებს მხოლოდ ბეთლემის ქუჩა. დანარჩენი ქუჩები სატრანსპორტო მოძრაობის თვალსაზრისით ჩიხური ტიპისაა. აქედან გამომდინარე, ბეთლემის ქუჩის გარდა, დანარჩენი ქუჩები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება გრძივი კავშირები, ამ უბნის ქუჩათა კლასიფიკაციაში შეიძლება მიეკუთვნოს ქუჩა-კიბეების ტიპს. აქ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ზოგ შემთხვევაში გამოიყოფა სატრანსპორტო მიმოსვლისთვის და საფეხმავლო მოძრაობისთვის განკუთვნილი მონაკვეთები. (გეგმა 6)

აღსანიშნავია, რომ ასკანის III ჩიხი ფაქტიურად დაკარგულია, ერთის მხრივ, მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო და მეორეს მხრივ, მოსახლის მიერ საზოგადოებრივი სივრცის თვითნებურად მიტაცების გამო.

კიბე-ქუჩების სისტემა ბეთლემის უბნის ერთერთი დამახასათებლი ელემენტია, რაც უბანს განსაკუთრებულობას სძენს და თბილისის, როგორც ურბანული მემკვიდრეობის ძეგლის, განუყოფელი ნაწილია. ეს სისტემა, სავარაუდოდ, პირველად კლდისუბანში ყალიბდება, ხოლო შემდგომში, სხვადასხვა ვარიაციებით, მეორდება თბილისის რამდენიმე უბანში.

ტერიტორიის რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე უბნის გეგმარებითი სტრუქტურის ერთერთ წამყვან ელემენტს საყრდენი კედლები წარმოადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ხელყოფილია შეუფერებელი შეკეთებით თუ მძიმე ფიზიკური მდგომარეობით, შესანიშნავი ოსტატობით და ტრადიციული მასალის მრავალფეროვანი კომბინაციით შესრულებული ეს კედლები გამორჩეულ იერსახეს ანიჭებს უბანს.

ბეთლემის უბნის გამორჩეული თავისებურება იყო უბნის კავშირი ისტორიულ ბოტანიკურ ბაღთან, რომელიც ბეთლემის ეკლესიის ბაქნის სამხრეთ-დასავლეთით კლდეში ნაკვეთი კიბე-ბილიკით უკავშირდებოდა განაშენიანების მიმდებარე მთის ფერდზე მოწყობილ აგურის კიბე-ბილიკს და ადიოდა სოლოლაკის ქედზე. აგურის ისტორიული კიბე-ბილიკი დღესაც არსებობს, მაგრამ ბეთლემის ეკლესიის სატრაპეზოს აშენების შემდეგ, ეს ბილიკი ვეღარ უკავშირდება ეკლესიის ტერასას და, შესაბამისად, დაიკარგა უნიკალური კავშირი უბანსა და ბოტანიკურ ბაღს შორის.

© ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმის ფოტოარქივიდან.

უბნის განაშენიანებისათვის დამახასითებელია რიგი გეგმარებითი პრინციპებისა: ნაგებობები განლაგებულია ტერასულად და მთავარი ფასადი, ძირითადად, ორიენტირებულია ჩრდილოეთისკენ, რაც მოსახლეობას ქალაქის ჰარმონიული აღქმის საშუალებას აძლევს. შენობის სტრუქტურული ელემენტების ურთიერთკავშირი შემდეგნაირია: მეტწილად ანფილადურად განლაგებული ოთახები გამოდის აივანზე, რომელიც გადაჰყურებს ჩრდილოეთისკენ ორიენტირებულ ეზოს. ამგვარი გეგმარებითი პრინციპი უზრუნველყოფს ოპტიმალურ ვიზუალურ კავშირს ქალაქთან დ ხელს უწყობს უბნის ჩართვას ქალაქის ერთიან სტრუქტურაში. ამით მყარდება აგრეთვე ბეთლემის უბნის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და ქალაქის სხვა ნაწილების სივრცით-გეგმარებითი ერთიანობა.

ამგვარად, უბნის გეგმარებითი სტრუქტურისათვის დამახასიათებელია: ქალაქზე ან ქუჩაზე ორიენტირებული ეზოები; გვხდება გახსნილი, ზღუდით ან ბუნებრივი ტერასით იზოლირებული დახურული ეზოები; შიდა ეზოების მქონე ნაგებობის რაოდენობა უბანში მცირეა.

ეზოების სისტემა

ბეთლემის უბანში საცხოვრებელი სახლები თითქმის მთლიანად ავსებს მოცემული მიწის ნაკვეთს, მაგრამ, როგორც წესი, ტერიტორიის თუნდაც მცირე ნაწილს იკავებს ეზო. თბილისური სახლისთვის ეზოს მოწყობის აუცილებლობა მყარ ტრადიციას უკავშირდება, ეზო სახლის განუყოფელი ნაწილია. ეს ტრადიცია საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა და განპირობებულია ცხელი კლიმატითა და ღია ცხოვრების წესით.

საცხოვრებელი არქიტექტურის მსგავსად, ეზოების ნიმუშებიც მრავალფეროვნებითა და ინდივიდუალური გადაწყვეტით ხასიათდება. სახლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი სივრციდან იზოლირების განსხვავებული პრინციპიდან გამომდინარე, გამოიყოფა ორი მთავარი ჯგუფი - ღია და დახურული ეზოები. (გეგმა 7)

ღია ეზო

იგი უმთავრესად მარტივი ანფილადის გეგმის შენობებთან იქმნება; ბეთლემის აღმართი N16ა (12), ასკანის II ჩიხი N5 (13), გომის ქუჩა N12 (26), ასკანის I შესახვევი N1 (27), ბეთლემის აღმართი N14 (11), ასკანის ქუჩა N9/2 (22) და ასკანის III ჩიხი N4 (23). ასეთივე ღია სისტემის ეზო ჰქონდა დღეისათვის განადგურებულ ასკანის ქუჩა N3 და N5 სახლებს და ბეთლემის ქუჩა N7 (პატარა) სახლს.

ღია ეზოს ტიპები:

  

დახურული ეზო

ბეთლემის უბანში დახურული ეზოების რაოდენობა ჭარბობს. გარემოდან იზოლირება სხვადასხვაგვარადაა განხორციელებული. ბეთლემის უბნის საკვანძო, ქუჩების შესაყართან მდგარ შენობებს, რომელთაც მკვეთრად ირეგულარული, ინდივიდუალური სივრცულ-გეგმარებითი კომპოზიცია გამოარჩევს, გალავნის კედლით მოზღუდული ეზოები აქვს: ბეთლემის ქუჩა N3 (42), გომის ქუჩა N5/12 (25); ასევე იყო გადაწყვეტილი გომის ქუჩა N1. ამ ტიპის ეზოს მოგვიანო ნიმუშია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, ბეთლემის აღმართი N4 (1) სახლის ეზო.

ზოგ შემთხვევაში იზოლირება ხდება რელიეფით, მკვეთრად განსხვავებული ტერასის დონეებით, რაც ბუნებრივ ბარიერს ქმნის; ამის ტიპიური ნიმუშია ასკანის IV ჩიხი N3 (29) და N5 (28) სახლების ეზოები; ბეთლემის აღმართი N5 (8) და N16ბ (10) შორის არსებული ეზო და სხვა.

ზღუდით დახურული ეზოს ტიპები:

ეზოების ერთ ჯგუფში შიდა სივრცის მოდელირების, ცალკეული ნაწილების ზომების, განათებულობის და განსაზღვრული ფუნქციის მიხედვით გარკვეული თავისებურებები შეინიშნება:

  1. შიდა ეზო, რომელიც უმთავრესად რამდენიმე შენობის ერთმანეთთან დაკავშირების შედეგად გამსხვილებული მოცულობების შიგნით არის მოქცეული და ყველასათვის საერთოა (ასათიანის შესახვევი N6).
  2. ეზო სასინათლო ით, ვიწრო გასასვლელი, თხრილი - სახლის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც სივიწროვე, ქვევით ჩაღრმავება და ნაკლები განათებულობა ახასიათებს (ბეთლემის აღმართი N3, ქვემო გომის ჩიხი N6, ბეთლემის აღმართი N4 და სხვა).
  3. ეზო-ჰოლი მცირე ზომის ეზოა, რომელიც, ფაქტიურად, შენობის სხვადასხვა სართულებსა და მის ნაწილებთან დამაკავშირებელ უჯრედს წარმოადგენს. ამის ტიპიური ნიმუშია ასკანის I ჩიხი N4 (17), რომელიც შევსებულია სარდაფსა და საცხოვრებელ სართულებთან დამაკავშირებელი კიბეებით. იგი იმდენად პატარაა, რომ სივრცის ეკონომიურად გამოყენებისთვის II სართულთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედის ზედა მარში მის პერიმეტრს გარეთ იჭრება და ქუჩის სივრცეს იკავებს.

 

შიდა ეზო

ეზო-ჰოლი

ბუნებრივი ტერასით იზოლირებული ეზო

 

სართულიანობა

უბანში განლაგებული სახლები მეტწილად 2-3 სართულიანია. ერთსართულიანი ნაგებობები უმთავრესად უბნის პერიფერიულ ზოლში, ჩვენს მიერ პირობითად გამოყოფილ III ტერასაზეა განლაგებული. I და II ტერასა თანაბრად არის განაშენიანებული. ამრიგად, სართულიანობის თვალსაზრისით, უბნისთვის დამახასიათებელ შენობათა სართულიანობას 2-3 სართული შეადგენს. (გეგმა 8)

უბნის სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურის ავთენტურობა

უბანში 10-მდე ნაგებობა – ისტორიული საცხოვრებელი სახლები – ამჟამად დანგრეულია, რის შედეგადაც გარკვეულ მონაკვეთებში დარღვეულია უბნის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა. (გეგმა 9). ეს ნაგებობები XX ს-ის II ნახევარში განადგურდა, მათგან ერთ-ერთი, ბეთლემის ქ. N11, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი იყო (გეგმა 10), ამ გეგმაზე მიბმულია კონკრეტული დანგრეული ისტორიული ნაგებობების საინფორმაციო ბაზა).

გომის ქ. N1 –ს ბეთლემის, გომის და ასკანის II შესახვევის შესაყართან საკვანძო მდებარეობა ეკავა და თავისი არაორდინალური სივრცულ-გეგმარებითი გადაწყვეტით უარსებითეს მნიშვნელობას თამაშობდა უბნის ამ მონაკვეთის მოწესრიგებაში (იხ. ნაგებობა III. გეგმა 10). შესაბამისად, დღეს უბნის ამ მონაკვეთში სერიოზულად არის ხელყოფილი უბნის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა.

ფოტო. © მაია მანია. 1979.

თითქმის წაშლილია ქუჩათა ქსელი ასკანის ქუჩას, ასკანი I ჩიხს და ასკანის II ჩიხს შორის მოქცეული, მოცარიელებული ტერიტორიის გამო. ამ მონაკვეთზე დანგრეულია 4 მოცულობა, ასკანის I ჩიხი N6 (2 მოცულობით), ასკანის ქ. N3, ასკანის ქ. N5 (იხ. ნაგებობები V,VI,VII. გეგმა 10).

ფოტო. ასკანის ქუჩის მონაკვეთი, ასკანის I და II ჩიხს შორის. 2004 წ.

ფოტო. ცარიელი ტერიტორია ასკანის ქუჩას, ასკანის I ჩიხს და ასკანის II ჩიხს შორის. 2004 წ.

მოუწესრიგებელია ბეთლემის ქუჩის მონაკვეთი, იქ სადაც დანგრეული იყო ბეთლემის ქ. N5, ხოლო ორიოდე წლის წინ ჩაიშალა ბეთლემის ქ. N7 (პატარა, (39)).

ფოტო. დანგრეული ბეთლემის ქუჩა N7 2004 წ.

ასათიანის შესახვევი N12-ის დანგრევის შემდეგ დაიკარგა კავშირი ასათიანის შესახვევსა და ბეთლემის აღმართს შორის.

უბნის ეს მონაკვეთები, ახალმშენებლობის თვალსაზრისით, უბნის სარეზერვო ტერიტორიებს წარმოადგენს.

ბეთლემის ქ. N11-ისა და ასათიანის ქ. N14-ის ადგილას კი უკვე ახალი ნაგებობები დგას.

ჩარევის მეთოდოლოგია

ბეთლემის უბნის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა, მთლიანობაში, თბილისის ურბანული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან და საინტერესო ნაწილს წარმოადგენს. კონსერვაციის გეგმის ძირითადი ამოცანაა – ამ სტრუქტურის შენარჩუნება. დაუშვებელია ქუჩათა ქსელის შეცვლა, მოდიფიკაცია შესაძლებელია უმნიშვნელო დოზით ცალკეულ კვანძებში.

დასაცავი და გამოსაკვეთია განაშენიანებისათვის დამახასიათებელი ქალაქგეგმარებითი თავისებურება და ელემენტები, საკომუნიკაციო სისტემები: კიბე-ქუჩების სისტემა, საფეხმავლო გზები და ბილიკები, მცირე მოედნები, საყრდენი კედლები, ეზოების სისტემა და, ზოგადად, უბნის ტერასული აგებულება.

აუცილებელია ასკანის III ჩიხში გზის რეკონსტრუქცია და მის გასწვრივ ბეთლემის აღმართი N16ა (12) ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა, სივრცის გახსნა საყრდენი კედლის მიმართულებით და ამ ტერიტორიის მოწესრიგება.

საჭიროა ახალი მოცულობებით შეივსოს ისტორიულ ნაგებობათა დანგრევის შემდეგ გამონთავისუფლებული ადგილები, რათა აღდგეს უბნის სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა, ქუჩათა ქსელი და გარემო ავთენტურობა-შელახულ მონაკვეთებში. (გეგმა 11)

პრინციპულია, რომ არ გაერთიანდეს ხელოვნურად რამდენიმე მიწის ნაკვეთი ერთი ნაგებობის დასაპროექტებლად. თუ უბნის კეთილმოწყობის საკითხების გადაწყვეტისას დადგება ქუჩების ქსელის მცირე მოდიფიკაციის აუცილებლობა, ეს არ უნდა მოხდეს ისეთი საკვანძო მონაკვეთების ხარჯზე, როგორიცაა გომის ქ. N1-ის ტერიტორია და ასკანის ქუჩასა და ასკანის I და II ჩიხს შორის მოქცეული მონაკვეთი.

III.2. ბეთლემის უბნის ურბანული ქსოვილი (უბნის არქიტექტურის ზოგადი კლასიფიკაცია)

კლდისუბნის შერჩეული მონაკვეთი მდიდარია როგორც შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურის საინტერესო ნიმუშებით, ასევე გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების თბილისური სახლებით.

უბანში მდებარე 47 ერთეულიდან ოთხი, ეროვნული მნიშვნელობის მონუმენტური არქიტექტურის ძეგლია - ათეშგა (ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი) ბეთლემის ეკლესია, სამრეკლო, ბეთლემის ქვემო ეკლესია.

არის ასევე ეროვნული მნიშვნელობის საინჟინრო არქიტექტურის ძეგლი - ბეთლემის ქუჩა-კიბე (43);

41 საცხოვრებელი სახლიდან ცხრა აღნუსხულია ძეგლად; მათგან სამი ეროვნული მნიშვნელობისაა - გომის ქუჩა N5/12 (25), გომის ქუჩა N4 (34) და ბეთლემის ქუჩა N3 (42);

ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლია და ამასთან ერთად თავისი თავდაპირველი ფუნქციით განსხვავებული - მონასტრის შენობა, ბეთლემის აღმართი N3 (6), რომელიც დღეს საცხოვრებელ სახლად გამოიყენება და ამის გამო იგი განხილულია უბნის სხვა სახლებთან ერთად.

ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლებია - ბეთლემის აღმართი N8 (5), ასკანის II ჩიხი N5 (13), ასკანის I ჩიხი N4 (17), გომის ქუჩა N7 (37).

თექვსმეტი საცხოვრებელი სახლი ძეგლის ნიშნის მქონეა, რომელთა ნაწილი განხილულია ძეგლთა დაცვის სამეცნიერო საბჭოს მიერ: ბეთლემის აღმართი N4 (1), ბეთლემის აღმართი N5 (8), ბეთლემის აღმართი N16ბ (10), ბეთლემის აღმართი N11 (9), ბეთლემის აღმართი N14 (11), ბეთლემის აღმართი N16ა (12), ასკანის ქუჩა N8 (19), ასკანის ქუჩა N9/2 (22), გომის ქუჩა N12 (26), ბეთლემის ქუჩა N7 (33), გომის ქუჩა N2 (36), ბეთლემის ქუჩა N7 (38) და ქვემო გომის ჩიხი N6 (40).

ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა ნუსხას ბეთლემის უბნის კონსერვაციის პროექტის ფარგლებში დაემატა ხუთი სახლი - ასათიანის I შესახვევი N6 (2), ასათიანის I შესახვევი N10, ასკანის I ჩიხი N8 (16), ქვემო გომის ჩიხი N5 და ასკანის ქუჩა N10/1 (21). ამ სიასთან ერთად წარდგენილია ასკანის ქ. N11 (24), რომელიც ძეგლთა ნუსხაში ადრეც ირიცხებოდა, მაგრამ ბოლო წლებში თბილისის ძეგლთა ნუსხასთან დაკავშირებულ უწყებათაშორისო გაუგებრობის მსხვერპლი გახდა და გაუგებარ მიზეზთა გამო სხვა ძეგლებთან ერთად ამოვარდა ძეგლთა ნუსხიდან. (გეგმა 12).

ისტორიულ შენობათა მცირე ჯგუფი - გომის ქუჩა N3, ასკანის IV ჩიხი N3 და 3ა, ასკანის I შეს. N1, ასკანის II შესახვევი N3, ასკანის III ჩიხი N2 – ძველი სტრუქტურების მნიშვნელოვან ნაწილებს შეიცავს, თუმცა დღევანდელი სახით ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობებს მხატვრული, თუ სივრცულ-გეგმარებითი გადაწყვეტის ავთენტურობით ჩამორჩება.

საპროექტო უბანში არის აგრეთვე ავთენტურობაშელახული ისტორიული ნაგებობები, ესენია: ასკანის I ჩიხი N10 და N12/14.

ცალკე მცირე ჯგუფს შეადგენს ისტორიული სახლების ნაფუძარზე, ან მათი ნანგრევების გამოყენებით აშენებული თანამედროვე, შემთხვევითი მასალით, ხშირად არაკაპიტალურად ნაგები შენობები უბნის სულ ზედა ტერასაზე: ბეთლემის II ჩიხი N2, გომის ჩიხი N1 და N3.

ჩამონათვალი კარგად აჩვენებს საკვლევი მიკროუბნის მნიშვნელობას და მის დატვირთულობას გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების ძეგლებით.

2.1. უბნის საკულტო ნაგებობები

ბეთლემის უბანში მდებარე შუა საუკუნეების საკულტო ნაგებობები - ათეშგა, ბეთლემის ტაძარი და ბეთლემის ქვედა ეკლესია ის სიძველეებია, რომლებიც უტყუარად განსაზღვრავს უბნის ასაკს თბილისის გაქალაქების პერიოდით. მონუმენტური არქიტექტურის ამ ძეგლების თავდაპირველი სახე მათი რთული ისტორიისა და მრავალჯერადი გადაკეთების გამო დაკარგულია და ჩვენამდე მოღწეული არქიტექტურული ფორმები და გადაწყვეტა გვიან შუა საუკუნეებს ეკუთვნის.

ამ ნაგებობათა სხვადასხვა სამშენებლო ფენების გამიჯვნა, ისტორიისა და განვითარების სრული სურათის გამოვლენა, მხოლოდ მონოგრაფიული კვლევითაა შესაძლებელი, რაც დღემდე არ განხორციელებულა.

ბეთლემის ეკლესია

ბეთლემის გუმბათიანი ტაძარი უბნის განაშენიანების ზედა, დამასრულებელ ტერასაზე მდებარეობს. ნაგებობა ხელოვნურად მოსწორებულ, საყრდენი კედლით შემაგრებულ, ვრცელ ბაქანზე დგას და სამხრეთიდან სოლოლაკის ქედის კლდოვანი ფერდი ებჯინება. სოლიდური ზომის, ჩახაზული ჯვრის ტიპის ეკლესია წაგრძელებული დასავლეთის მკლავით, კლდის მასივზე დაშენებულ, აგურისა და ქვის შერეული წყობით ნაგებ მაღალ სუბსტრუქციაზეა აღმართული. ნაგებობის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ფასადები თლილი ქვიშაქვის ფილებითაა შემოსილი; ფასადებს, უმთავრესად ღიობებთან და გუმბათის ყელზე, დაბალი კვეთით შესრულებული ორნამენტი და რელიეფები ამკობს. ჩრდილოეთის მხრიდან ეკლესიის ქვეშ განთავსებულია სენაკები. მთავარი შესასვლელი ეკლესიაში ამავე მხარეს მიშენებულ აგურის კუბურ მოცულობაზე გარედან მიდგმული ქვის ორმხრივი, მძლავრი კიბეებით იყო გაფორმებული. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადები და აგრეთვე შიდა კედლები აგურისაა. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. გაბჯენილი შეისრული ფორმა აქვს გუმბათქვეშა თაღებსა და კამარებს.

ტაძარმა არაერთი გადაკეთება-განახლება განიცადა, რამაც ძირფესვიანად შეცვალა მისი თავდაპირველი სახე. საეკლესიო ტრადიცია /4/ ბეთლემის ეკლესიას თბილისში დედაქალაქის დაფუძნებისდროინდელ ხუთ თავდაპირველ ეკლესიას შორის მოიხსენიებს. 1980-იან წლებში, ეკლესიის რესტავრაციის დროს ინტერიერში წარმოებულმა გაწმენდითმა სამუშაოებმა (არქიტექტორ რესტავრატორები: ვახტანგ ცინცაძე, ლადო ოთარაშვილი) საკურთხევლის ქვეშ ძველ სამშენებლო ფენაში (ისტორიკოს თ. ბერიძის ცნობით) გამოავლინა საქართველოში ანტიკურ ხანასა და ადრე შუა საუკუნეებში გავრცელებული დიდი ზომის აგურები. ძეგლის ამ მეტად საინტერესო ადრეული ფენის კვალი ამჟამად იატაკის ქვეშაა მოქცეული; საკურთხევლის წინ ნაწილობრივ იკითხება უწინდელი აბსიდის მოხაზულობა. სერიოზული დაზიანებისა და მრავალგზის გადაკეთება-განახლების გამო სხვა გარეგანი კვალი ძველი ფენებიდან ტაძრის დღევანდელ ხუროთმოძღვრულ სახეში არ შემორჩა.

ნაგებობის ფასადებზე 1990-იან წლებამდე გაბნეული იყო ქართულ და სომხურ წარწერიანი ქვები, რაც გვიან შუა საუკუნეებში ბეთლემის ეკლესიის კუთვნილების ცვლილებას ასახავდა და აღდგენითი სამუშაოების ინიციატორთა ვინაობის შესახებ ინფორმაციასაც შეიცავდა; წარწერებიდან ყველაზე ადრეული იყო გუმბათის ყელის სამხრეთ-აღმოსავლეთ სარკმლებს შორის მოქცეული 1482 წლის ქართული წარწერა.

მოგვიანებით, სომხური ეკლესიის დამკვიდრების შემდგომ, ბეთლემის ნაცვლად ჩნდება სახელწოდება ფეთხაინი. XVIII ს.-ს I ნახევარში, ჩანს, დაზიანებული ძველი ეკლესიის საფუძველზე ახალი ეკლესია აშენდა. ცნობებიდან ირკვევა, რომ ეკლესიას ამავე დროს ქართველი მრევლიც ყავდა და წირვა-ლოცვა ქართულ ენაზეც სრულდებოდა. საინტერესო ფაქტია, რომ 1740 წელს თავადი გივი ამილახვარი ბეთლემის ეკლესიაში სერიოზულ სამშენებლო სამუშაოებს ატარებს, რაც ასევე უნდა მიუთითებდეს სომხური და ქართული ეკლესიის ერთდროულ მოღვაწეობაზე ბეთლემის ტაძარში.

აღნიშნული არაერთგვაროვანი ცნობები, წინააღმდეგობრივი ინფორმაცია და თავად ეკლესიის მრავალშრიანი სტრუქტურა, რომელსაც ორგანულად უკავშირდება აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მის მიდამოებში გაბნეული ძველი ნაგებობების ნაშთები, ცხადს ხდის ღრმა კვლევის ჩატარების საჭიროებას.

დღეს ეკლესია ფუნქციონირებს და მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ჩრდილოეთ ფასადის XIX ს-ის კიბის და უფრო ადრეული ბაქანის შემორჩენილი ნაწილისა. დაზიანებული კიბე, ამჟამად ადგილობრივი მრევლის მიერ მთლიანად დაშლილია. რაც შეეხება ეკლესიის გარემოს, მან გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ბოლო წლებში, დასავლეთ ფასადის მხარეს მოიშალა ბოტანიკურ ბაღთან დამაკვშირებელ ბილიკთან ასასვლელი კლდეში ნაკვეთი კიბეები და აშენდა სატრაპეზო; ჩრდილო-დასავლეთიდან კი მოეწყო უმასშტაბო ბეტონის კიბე, რომელიც აშკარად შეუფერებელია ისტორიული გარემოსთვის.

ჩარევის მეთოდოლოგია

სასწრაფოდ გასამაგრებელია ეკლესიის ჩრდილოეთით ისტორიული კიბისა და ბაქნის ნანგრევები. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიას, მოსაძებნია საპროექტო გადაწყვეტა უსახური ახალი კიბის მოსაწესრიგებლად და ისტორიულ გარემოსთან თანხმობაში მოსაყვანად.

სამრეკლო

ბეთლემის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ერთის მხრივ, კეტავს საყრდენი კედლით შემაგრებულ ეკლესიის წინამდებარე ბაქანს, მეორეს მხრივ, ასრულებს გომის ქუჩის ვიწრო გასასვლელს.

სამრეკლოს ქვედა სართული წარმოადგენს აგურის კუბურ მოცულობას, რომელიც გახსნილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე განლაგებული ფართო, თლილი ქვის წირთხლებიანი შეისრულთაღოვანი ღიობებით. შიგნიდან სამრეკლოს ეს ნაწილი კარგი წყობით შესრულებული მრავალწახნაგა შეკრული კამარით სრულდება.

მეორე სართულზე საკუთრივ სამრეკლოსთვის განკუთვნილი, ასევე შეისრულთაღოვანი თლილი ქვის ღია ფანჩატურია, რომელსაც კონუსური გადახურვა ასრულებს.

ბეთლემის ეკლესიის სამრეკლო XVII ს-ის სამრეკლოთა მსგავსადაა გადაწყვეტილი. შესასვლელების შეისრული ფორმის თაღები ჩაწეულ სწორკუთხა სიბრტყეშია ჩასმული. ქვედა სართულის აგურის ფასადები კედლის ზედაპირიდან ჩაწეული სადგამიანი ჯვრისა და რომბისებური ფიგურების ჩაწეული სიბრტყეებით არის გაფორმებული, რომელიც ჩრდილ-სინათლის საინტერესო თამაშს იძლევა.

სამრეკლოს სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეს ებჯინება ძველი აგურის წყობით შესრულებული კედელი, რომელიც სამხრეთით ვითარდება. ძველი სტრუქტურის ფრაგმენტი შეისრული ფორმის კედლის თაღით შემორჩენილია სამრეკლოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხესა და გვერდით მდგარ ბეთლემის აღმართი N14 საცხოვრებელ სახლს შორის. საინტერესოა ასევე ამავე სახლის ქვედა სართულის კამაროვანი სათავსი და მისი მიმართება ფრაგმენტულად შემორჩენილ ძველ სტრუქტურასთან, რომელიც სამრეკლოსა და ეკლესიას შორის ვითარდებოდა.

სამრეკლო საკმაოდ დაზიანებულია: გამოქარულია აგურის წყობა; დაზიანებულია გადახურვა; რამდენიმე წლის წინ, როგორც ეტყობა ბეთლემის ეკლესიაზე მიმდინარე სამუშაობების წარმოებისას, იმ მიზნით, რომ დიდი ზომის სატრასპორტო საშუალებას გაევლო სამრეკლოსა და აკანის ქ.N11 სახლს შორის არსებულ მცირე, საფეხმავლო გასასვლელში, სამრეკლოს მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა - სამრეკლოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე ჩამოანგრიეს.

ჩარევის მეთოდოლოგია

საჭიროა სამრეკლოს ფიზიკური სტაბილიზაცია და დაზიანებული წყობის მკურნალობა და დაზიანებული კუთხის აღდგენა.

ბეთლემის ქვედა ეკლესია

ბეთლემის ქვედა ეკლესია აშენებულია XVIII ს.-ის დასაწყისში. მისი აშენება ბებუთაანთ გვარს უკავშირდება /5/. ბებუთაშვილები მამასახლისები იყვნენ XVIII ს.-ის თბილისში. ისინი ცხოვრობდნენ ისტორიული კალას სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში, სადაც მათ სასახლე და ბაღებიც ჰქონიათ. ამის გამო ამ უბანს მელიქის (იგივე მამასახლისი) უბანი რქმევია და ამასვე უნდა უკავშირდებოდეს ასათიანის ქუჩის უწინდელი სახელწოდება – ბებუთოვის ქუჩა. ბებუთაშვილებს აქ აუშენებიათ სურბ-სტეფანოზის დედათა მონასტერი, ანუ დღეს ქვემო ბეთლემად წოდებული აგურის გუმბათიანი ეკლესია და მის დასავლეთით, მიჯრით მდგარი რთული და საინტერესო სამონასტრო ნაგებობა, რომელსაც დღეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქცია აქვს. მონასტრის ტერიტორიას გალავანი ჰქონია შემოვლებული, რომელმაც ნაწილობრივი დაზიანებით მოაღწია. მიუხედავად მრავალი გადაკეთებისა, თუ სახეცვლისა მონასტრის ნაგებობებს და მის ტერიტორიას შუა საუკუნეების ასკეტური განწყობა და იდუმალება არ დაუკარგავს.

მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს აბანო. იგი სამონასტრო შენობაზე მიჯრითაა მიშენებული. მთლიანად აგურით ნაშენი, ზედა განათებისთვის სწორკუთხა ღიობიანი სფერული გუმბათით გადახურული ეს სათავსი, თაღების შეისრული ფორმებით, კედლის წყობის შესანიშნავი ტექნიკით და ტრომპების შესრულების სიზუსტით უფრო ადრეული ხანის, XVII ს-ის არქიტექტურას მეტად ენათესავება. თვით სამონასტრო შენობაშიც, განსაკუთრებით ქვედა ნაწილში, თავს იჩენს გარკვეული განსხვავება სამშენებლო ფენებს შორის, რაც ავლენს მონასტრის ტერიტორიის და მისი შემადგენელი ნაგებობების ღრმა კვლევის აუცილებლობას.

XIX საუკუნის წყაროს ცნობით "არს ესე ეკლესია მცირე მცირითვე გუმბათითა შემკული"/6/. ამ სახის ეკლესია ადრეულ ფოტოებზეც ჩანს. 1840-75 წლებში იღუმენ გაიანე ბებუთოვას ხელმეორედ აუგია და განუახლებია მონასტერი. XIX ს-ის 80-იანი წლების ფოტოებზე უკვე გადაკეთებული და ყელიანი გუმბათით დასრულებული ეკლესიაა წარმოდგენილი. სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარებულა 1910 წელს, 20-იან წლებში კი მონასტერი უკვე დახურულია.

1990-იან წლებში ეკლესიის ინტერიერი მოიხატა, ეკლესია ეკურთხა მაცხოვრის შობის სახელზე და ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა განაახლა.

"ჩახაზული ჯვრის" ტიპის, აგურით ნაშენ ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აბსიდი ასრულებს. ნაგებობა ბეთლემის ქუჩა-კიბესთან ახლოსაა განლაგებული და მისგან მონასტრის გალავანი ყოფს, რომლის ნაწილი ძველი, აგურისა და ქვის შერეული წყობით იყო შესრულებული.

ეკლესიის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღმოსავლეთით სამრეკლოს მშენებლობისას გარკვეულად შეიცვალა ეკლესიის წინ ბაქანზე შესასვლელი ბეთლემის კიბე-ქუჩიდან. 2003 წელს ეკლესიის უკანა ეზოში, რომელიც რელიეფის თავისებურების გამო ფაქტიურად ღრმა ეზო-ჭას წარმოადგენს, სამონასტრო შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესა და კლდეს შორის არსებული უაღრესად საინტერესო არქიტექტურულ-საინჟინრო გადაწყვეტის მქონე მცირე  თაღოვანი გვირაბი ამოშენდა. ამავე ეზოს ზემოთ, კლდეზე მოეწყო აგურის ღობე, რომელიც მიუხედავად ტრადიციული მასალისა და დიზაინისა საკმაოდ უხარისხოდ არის შესრულებული.

ჩარევის მეთოდოლოგია

აუცილებელია გაიხსნას ამოშენებული გვირაბი კლდესა და სამონასტრო სახლს შორის. უნდა მოწესრიგდეს ახალი აგურის ღობე. აღსადგენია ლითონის აჟურული მოაჯირი ეკლესიის წინ ბაქანზე.

ათეშგა

ათეშგა თბილისის რთული წარსულის მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც განაშენიანების ზედა ზოლში ბუნებრივ კლდოვან შემაღლებაზე დგას. ყურადღებას იპყრობს ნაგებობის განსხვავებული სილუეტი, აგურის კედლის ყრუ სიბრტყეების ჩამუქებული ფერი და ფორმების სისადავე.

კუბური მოცულობის აგურის შენობა (გეგმით ზუსტი კვადრატი) დგას გომის ქუჩის ბოლოს, მცირე მოედნის პირას. სუბსტრუქცია, რომელსაც მცირე ენტაზისი უკეთდება, ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ერწყმის. მის დასრულებას და კედლის დაწყებას მიჯნავს კლდის ქვის ფილების ერთი რიგი. შენობას შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, კარის თაღოვანი ღიობი მის ზემოთ ლუნეტით, შუა, მაღალ კედლის თაღშია ჩასმული; ამავე ფასადზე სიმეტრიულად, კარის აქეთ-იქით ვიწრო და მაღალი ნახევარწრიული ნიშებია კონქისებური დასრულებით. სამხრეთის მხრიდან სახლის მიშენების გამო ამ ფასადზე საუბარი არ შეგვიძლია. ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან ნაგებობის ყრუ ფასადებს წყვილ-წყვილი მცირედ შეისრული, მაღალი კედლის თაღი აფორმებს.

შენობის შიგნით ყოველ კედელში ასეთივე ფორმის, უფრო ღრმა და დაბალი თითო კედლის თაღია, რომლის ზემოთ ოდნავ შვერილი აგურის კარნიზი ყოფილა მოწყობილი; ნაგებობას ასრულებდა ტრომპებზე დაყრდნობილი სფერული გუმბათი, რომელიც დღეს ჩანგრეულია.

ათეშგის სამხრეთ კედელში ზედ მიშენებული სახლისკენ თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

აღმოსავლეთის მხრიდან ათეშგასა და გომის ქ. N3 საცხოვრებელ სახლს შორის ეზო იქმნება. ათეშგასთან მისასვლელი კლდეში გაჭრილი, აგურის საფეხურებიანი კიბე დღეს ნაწილობრივ დაზიანებული და გაუქმებულია. ნაგებობაში შეღწევა ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ გომის ქ. N3 ტერიტორიის გავლით, რადგან ათეშგის წინ ბაქანი მიერთებული აქვს მოსახლეს. თვით ნაგებობის შიგნით მიწაა დაყრილი და ბაღჩაა მოწყობილი.

საინტერესო ფაქტია ერთ დროს მქუხარე ქრისტიანულ ქალაქში ცეცხლთაყვანისმცემლობის საკულტო ტაძრის არსებობა ერთ-ერთი უძველესი სიწმინდის - ბეთლემის ანსამბლის სიახლოვეს. ეს თვალსაჩინო ილუსტრაციაა რჯულშემწყნარებლობის, თბილისური ცხოვრების წესის მრავალწახნაგოვნების და, საზოგადოდ, სახელმწიფო პოლიტიკის, რომელიც ისტორიული რეალობის გონივრული შეფასებისა და ანგარიშგაწევის გარემოში ყალიბდებოდა.

ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული ზოროასტრიზმი, ირანთან მჭიდრო კავშირების გამო, აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ.წ. VI-ახ.წ. III სს.), მშვიდობიანი ურთიერთობის გზით საქართველოშიც ვრცელდებოდა. ამის საბუთია დედოფლის მინდორზე (ქარელის რ-ნი) აღმოჩენილი ძვ.წ. II-I სს. სატაძრო კომპლექსის არსებობა.

აღმოსავლეთ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების მეორე ტალღა ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის (III-VII სს.) ხანაში ძალდატანებითი იყო. ქრისტიანობის ბრძოლა ამ მოვლენასთან ჰაგიოგრაფიულ ძეგლებშიც აისახა (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები). ათეშგები საქართველოს სხვადასხვა მხარეში აუგიათ (ნიქოზში, ნეკრესში, მცხეთაში, თბილისში და სხვა), რომელთაგან ის დღემდე მხოლოდ თბილისში შემორჩა.

მატიანეს ცნობით, ეს სარწმუნოება საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო ქალაქებში ვახტანგ გორგასლის ხანაში (V ს-ის II ნახ) და იგი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, იძულებული იყო ანგარიში გაეწია ცეცხლთაყვანისმცემლობის არსებობისთვის ქართულ ქვეყნებში. "ქართლში ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მეფის კარზე მოგვთა მეთაურიც იმყოფებოდა, რომელსაც ქართული საისტორიო წყარო სპარსთა ეპისკოპოსს უწოდებს. სპარსელ მოგვებს ოფიციალურად ჰქონდათ ქართლში თავისი რწმენის პროპაგანდის უფლება" /7/.

ამ ცნობათა და მოსაზრებათა გათვალისწინებით, ათეშგის აშენება დასაშვებია, ვახტანგ გორგასლის დროს მომხდარიყო. ირაკლი კეისრის მიერ VII ს-ში, ცეცხლთაყვანისმცემელთა ლიკვიდაციის შემდეგ ეს შეუძლებლად უნდა ჩაითვალოს /8/.

ამ ნაგებობამ საუკუნეების შემდეგ დღემდე შეინარჩუნა სახელწოდების სისწორე: ათეშ - სპარსულად ცეცხლი, გაჰ – ადგილი, იგივე "ცეცხლის საგზებელი". რაც შეეხება მის ფიზიკურ ავთენტურობას, ნაგებობამ, რა თქმა უნდა, სახე იცვალა საუკუნეთა მანძილზე. არსებული მოსაზრების თანახმად, ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ /9/.

მოგვიანებით შენობა გამოყენებული ყოფილა საწყობად, ხოლო XIX ს-ში - საცხოვრებლად.

შარდენის 1673 წლის თბილისის გეგმაზე ათეშგა დაბალყელიანი სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის გეგმაზეც იგი დაახლოებით ასევე გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობის სავარაუდო გადაკეთებამდელი და შემდგომი სახის შედარება არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ან უნდა ვიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირე ხანს გაგრძელებულა, რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც არ გამოუწვევია. წინა საუკუნის უხუცესთა გადმოცემით, “მას, ვითარცა სიძველის ძეგლს, ქართველი მეფეები მფარველობდნენ/10/.

პლატონ იოსელიანის ცნობისა და შემორჩენილი ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ XIX საუკუნეში ათეშგას გუმბათი ისევ ჰქონია; რომ კიბეები სახლსა და ათეშგას შორის შექმნილ ბაქანზე ადიოდა. გაგარინის ჩანახატის მიხედვით, შენობას აგურისავე გალავანი აქვს, ისევე როგორც შარდენის ჩანახატზე.

1966 წელს სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ (არქ. ნ. ალხაზაშვილი) გაკეთებული ყოფილა რამდენიმე შურფი შენობის შიგნით. ათეშგა ამ დროისთვის საწყობად და საქათმედ ყოფილა გადაქცეული. არსებული იატაკის დონიდან 110 სმ-ის სიღრმეზე ჩრდილოეთის კედლის გასწვრივ გამოჩენილა აგურის იატაკი, რომელიც სამხრეთისკენ კლდეს ადგებოდა. ამ შურფის ფოტოანაბეჭდი (N20817) და ჩატარებული სამუშაოს მოკლე აღწერილობა ინახება ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის არქივში. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ათეშგის 1940 წ. შესრულებული გეგმა, ჭრილი და ფასადები. აქვე ინახებოდა ათეშგას მაკეტი შესრულებული 1938 წელს ნაბათოვის მიერ. ის დღეს ძალიან დაზიანებულია, მაგრამ აშკარად თაღებით გახსნილ ნაგებობას წარმოგვიდგენს, რაც არ შეესაბამება რეალობას და უფრო რეკონსტრუქციის მცდელობა უნდა იყოს. მაკეტზე ჩრდილოეთის მხრიდან მისასვლელი კიბეცაა ნაჩვენები. (იხილე საინფორმაციო ბაზა. ნაგებობა N30. გეგმა 1)

ჩარევის მეთოდოლოგია

ათეშგა თბილისის ისტორიისა და კულტურის უნიკალური ძეგლია და დაუშვებელია მისი მიჩქმალვა და იზოლაცია ქალაქის სტრუქტურიდან. გასააზრებელია მისი სათანადოდ წარმოჩენა როგორც უბანში, ისე თბილისის ისტორიული ნაწილის საერთო კონტექსტში.

აუცილებელია ათეშგა მისაწვდომი გახდეს ქალაქის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. ამისთვის საჭიროა აღდგეს ათეშგასთან მისასვლელი კიბე და რესტავრაცია ჩაუტარდეს მის შესასვლელთან არსებულ ბაქანს.

აღებულ უნდა იქნას ძეგლის ეზოში მოწყობილი ბაღჩა, მოიხსნას მიწის ფენა და აღდგეს ავთენტური იატაკის დონე.

მდიდარი ისტორიული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ათეშგას გუმბათი თითქმის XX ს.-ის დასაწყისამდე ჰქონია. (იხ. კონკრეტული ნაგებობის საინფორმაციო ბაზა, (30)) ადგილზე შემორჩენილია გარკვეული ფიზიკური მასალა. სასურველია ჩატარდეს კომპლექსური კვლევა, ადგილობრივი და რეგიონალური მაგალითების შესწავლის ჩათვლით, რათა გაირკვეს გუმბათის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა.

2.2 საცხოვრებელი სახლები

იმის გათვალისწინებით, რომ ბეთლემის უბნის საცხოვრებელი სახლები ურბანული ქსოვილის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, მათი ტიპოლოგიური და მხატვრული გადაწყვეტის მრავალფეროვნება კი უბნის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა, ყველა სახლზე დამუშავებულია კონკრეტული ნაგებობის საინფორმაციო ბაზა, სადაც თავმოყრილია ძირითადი ინფორმაცია ნაგებობაზე, დასაცავ ფასეულობათა აღწერა და კონსერვაციული მიდგომა, საინჟინრო-ტექნიკური შეფასება, ობიექტის ანაზომი და ფოტო დოკუმენტაცია. თითოელი ნაგებობის საინფორმაციო ბაზა მიბმულია გეგმა 1-ზე და გეგმა 10-ზე პროექტში მიღებული ნუმერაციის მიხედვით.

ბანიანი სახლები

კვლევამ აჩვენა, რომ ბეთლემის უბანში სახლების უმრავლესობა ბანიანი იყო. საცხოვრებლის ეს ტიპი ბეთლემის ურბანული ქსოვილის ერთ უმთავრეს, გამოკვეთილ თავისებურებას წარმოადგენს. ბანური გადახურვის კვალი უმეტეს მათგანზე დღესაც არის შერჩენილი.

XIX ს.-ის შუაწლების უადრეს ფოტოებზე აღბეჭდილი ბეთლემის უბნის საერთო ხედებსა და ახლო პლანებზე კარგად ჩანს შენობათა დიდი ნაწილის ბრტყელი, ბანიანი გადახურვები, ისინი უმთავრესად ბეთლემის აღმართზე – ქუჩა-კიბის მიმდებარე სახლებში ჩანს.

XIX ს-ის შუაწლებს აქეთ სახლები ბრტყელი გადახურვით თბილისში აღარ შენდებოდა, რასაც არქიტექტურის ერთგვარი ევროპეიზება და რუსეთის იმპერატორის მიერ ბანიანი შენობების მთვარი ქუჩების სიახლოვეს აგების აკრძალვის შესახებ განკარგულების /11/ საბოლოო ამოქმედებაც განაპირობებდა. მანამდე კი საცხოვრებლის ეს ტიპი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისში.

ბეთლემის უბანში შენარჩუნებული საცხოვრებლის ეს ტიპი - ორსართულიანი სახლი ბრტყელი გადახურვით, ფესვგამდგარი ტრადიციის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, გადამუშავების საინტერესო ნიმუშია, სადაც ბანი სახლის შეძლებული მეპატრონის საკუთარი დამატებითი ფართია ეზოსთან ერთად. (გეგმა 13)

თბილისის ტერიტორიაზე ტერასულ-ბანიანი განაშენიანების ტრადიციის საწყისებს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში მივყავართ, საიდანაც ბეთლემის უბნამდე, განაშენიანების ამ ტიპის ბოლო მაგალითამდე, იგი არსებობის დიდ გზას გადის და მანამ ინარჩუნებს აქტუალობას, სანამ ცხოვრების მოთხოვნებით სახეშეცვლილ ვარიანტებში საბოლოოდ არ იკარგება. ტერასულ-ბანიანი განაშენიანების გავრცელება რამდენიმე ასპექტით იყო განპირობებული:  მიწის ეკონომიური გამოყენება, ფუნქციური დატვირთვა (ერთი სახლის ბანი მეორის ეზო იყო); კლიმატური პირობების გათვალისწინება (ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებისთვის უკანა კედლის მიწაში მოთავსება). ეს სამივე ასპექტი სხვაგვარ შინაარსობრივ დატვირთვას იძენს ბეთლემის უბნის სახლებში და, ცხოვრების წინსვლით გამოწვეულ სხვა ცვლილებებთან ერთად, მიზეზი ხდება ამ ქალაქგეგმარებითი ტიპის არსებობის შეწყვეტისა.

ფოტო

ჩარევის მეთოდოლოგია

მიუხედავად იმისა, რომ ბანურ-ტერასული განაშენიანება ბეთლემის უბნის ადრეული პერიოდის სახე იყო, კონსერვაციის გეგმა არ ითვალისწინებს ბანური გადახურვების აღდგენას. ბანურმა გადახურვამ ბუნებრივად დაკარგა ფუნქცია და ლოგიკურად ტრანსფორმირდა, XIX ს.-ს II ნახევრისთვის, მოსავლელად უფრო მოხერხებულ ქანობიან გადახურვად.

ნაგებობის სპეციფიური მდებარეობიდან გამომდინარე და, როგორც უბნის განვითარების ერთ-ერთი ეტაპის სიმბოლო, კონსერვაციის გეგმა რეკომენდაციას უწევს ბრტყელი გადახურვის აღდგენას ბეთლემის აღმართი N16ა (12) სახლზე.

სახლების ტიპოლოგია

მარტივი და ორმაგი ანფილადიანფილადური ტიპის საცხოვრებელი სახლები საკმაოდ გავრცელებულია უბანში. მათთვის დამახასიათებელია ოთახების ერთი ან ორი რიგი, რომლებიც კარით დაკავშირებულია ერთმანეთან და ასევე მათ წინ განვითარებულ აივნებთან. როგორც წესი, ასეთი სახლების წინ ღია ეზოებია.

კოშკური ტიპი - ამ ტიპის სახლებს ახასიათებს მაღალი, ჩაკირული ქვედა სართული და შენობის ძირითად ნაწილში ვერტიკალური გეგმარება.

არატიპიური, გართულებული გეგმარება - სახლების ერთ ჯგუფს ახასიათებს არატიპიური გეგმარება, რომელთა ცალკეულ ნიმუშებში იკითხება სახეცვლილი ანფილადის ელემენტები, ზოგჯერ კი მათი სტრუქტურა ფორმირებულია სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათა გადაკეთება-შერწყმის შედეგად. ამავე ჯგუფშია გაერთიანებული მრავალბინიანი და სადარბაზოიანი სახლებიც.

განვითარებული გეგმარება - განვითარებული გეგმარება ახასიათებს გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე შენობებს, რომელთა სტრუქტურა ერთდროული ჩანაფიქრის შედეგადაა ჩამოყალიბებული.

ყველა ზემოთხსენებული ტიპის სახლებში ვხვდებით ნახტომისებურ ვერტიკალურ გეგმარებას, რაც რელიეფის თავისებურებით არის გამოწეული. (გეგმა 13)

ჩარევის მეთოდოლოგია

საჭიროა უბანში არსებული გეგმარებითი ტიპოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, თუმცა ცხოვრების თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, შიდა სივრცის მოდიფიკაცია რიგ შემთხვევებში აუცილებელი იქნება.

უბანში არსებული ნაგებობების გეგმარებითი სტრუქტურა ისევე, როგორც XIX ს.-ის თბილისური საცხოვრებელი ზოგადად, საკმაოდ მოქნილია შიდა გადაგეგმარების, კეთილმოწყობის თუ ფუნქციური ადაპტაციის თვალსაზრისით. გამორჩეულად ფრთხილი მიდგომაა საჭირო განვითარებული გეგმარების ტიპის სახლების ადაპტაციის შემთხვევაში, რომ არ დაიკარგოს გეგმარების ძირითადი პრინციპი.

სარდაფები

ბეთლემის უბანი გამოირჩევა უდიდესი ოსტატობით შესრულებული სარდაფების მრავალფეროვნებით და სიმრავლით. სახლების უმრავლესობას აქვს საინტერესო სარდაფი, ნახევარსარდაფი თუ მიწის დონეზე განთავსებულ სართულზე სამეურნეო დანიშნულების სათავსი. (გეგმა 14)

სარდაფები, როგორც წესი, შეულესავი კვადრატული აგურისაა, გეგმით მართკუთხა, იშვიათად კვადრატული. ზოგჯერ, ადრეულ ნიმუშებში, აგურის წყობაში რიყის ქვებია შერეული. სარდაფებში ვხდებით შემდეგი ტიპის გადახურვებს: შეისრულ-კამაროვანს (38; 22); დაბალ-თაღოვან-კამაროვანს (42; 40; 17; 13), შეკრულ-კამაროვანს (4), ნახევარწრიულ- კამაროვანს (33; 20; 11;), კამაროვანს საბჯენი თაღით (6; 7) და სამცენტრიან თაღოვანს (28/29). კამარები, როგორც წესი, უზადოდ არის შესრულებული, გვხდება აგურის რადიალული და თევზიფხური წყობა. ზოგჯერ კამარას შუაზოლზე ერთი საფეხურით ჩაწეული სიბრტყე გასდევს (20; 11).

 

გეგმის ტიპები

მართკუთხა

წაგრძელებული მართკუთხა

კვადრატული

 

კამარის ტიპები

შეისრულკამაროვანი

დაბალთაღოვანკამაროვანი

ნახევარწრიული

კამარა საბჯენი თაღით

სამცენტრიან თაღოვანი კამარა

 

 

 

 

მრავლად არის სარდაფები ბრტყელი გადახურვით მძლავრ ხის კოჭებზე (42; 41; 38; 36; 34; 28; 25; 24; 15; 2; 4). აღსანიშნავია ასკანის ქ. N11 სახლის თაღოვან ფანჯრებიანი ოთახების ქვეშ არსებულ ვიწრო სარკმლებიანი სამნაწილიანი სათავსი ბრტყელი გადახურვით. მისი გადახურვის კოჭები შუა ბოძებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთის ნაწილის გამოსაყოფად მუშარაბის ტიპის რომბებიანი ხის ჩარჩოა გამოყენებული. სახლის ეს ქვედა სართული ადრეული საცხოვრებლის ნიმუშს წარმოადგენს. (იხ. პერსონალური ბარათი)

სარდაფები ბრტყელი გადახურვით

სარდაფებს, უმეტესწილად, მრავლად აქვს კედლის შეისრულ-თაღოვანი და თაღოვანი ღრმა ნიშები.

ნახევარსარდაფებს აქვს დახრილ-წირთხლიანი სარკმლები.

ბეთლემის უბნის მიწისქვეშა სათავსებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაგებობა N6-ში დაცული აბანოს სათავსი, რომელიც დღეს სახლის საერთო სარგებლობის ტუალეტად არის გადაქცეული. იგი გეგმით კვადრატულია. მოცულობა მიწაშია ჩამჯდარი და მხოლოდ დამოუკიდებელი გადახურვაა ოდნავ ამოზიდული. აბანო შიგნით შეულესავი აგურისაა და, მსგავსად შენობის სხვა ნაწილებში დატოვებული შიშველი წყობისა, კარგად ავლენს მშენებლის ბრწყინვალე ოსტატობას. კედლების შემომყოლი ნაოთხალი თაღების კუთხეებში გამოყვანილი ტრომპები ფიგურული წყობითაა შესრულებული, ხოლო სათავსის დამასრულებელი სფერული კამარა - აგურის რიგების რადიალური წყობით. კამარის ცენტრში კვადრატული ფორმის სასინათლო ხვრელია დატოვებული (იხ. საინფორმაციო ბაზა, ნაგებობა 6, გეგმა 1).

გამოკვეთილი თავისებურება კლდისუბნის სარდაფებისა და სამეურნეო სათავსებისა ისაა, რომ მათი ურავლესობის ინტერიერში ნაწილობრივ დატოვებულია ბუნებრივი კლდის ქანები.

რიგ შემთხვევებში, შენობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით სარდაფის სართულის სიძველე სრულიად აშკარაა.

ჩარევის მეთოდოლოგია

აუცილებელია ბეთლემის უბანში არსებული ყველა ისტორიული სარდაფის, მიწისქვეშ დაცული სათავსის (საყინულე, მარანი, აბანო, და სხვა) ფიზიკური შენარჩუნება. იმ შემთხვევაშიც, როცა სარდაფიან ნაგებობაში მხოლოდ სარდაფს აქვს ავთენტურობა შერჩენილი და დასაშვებია ნაგებობის ახალი მოცულობით შეცვლა, საჭიროა ისტორიული სარდაფის შენარჩუნება.

კვლევამ გამოავლინა ის არეალები, სადაც მიწის ქვეშ დანგრეული ნაგებობების სარდაფები შეიძლება იყოს დაცული. ისინი განისაზღვრა, როგორც არქეოლოგიური ინტერესის არეალები (გეგმა 19). საჭიროა პროექტირების და ახალმშენებლობის წინ ფრთხილად იქნას შესწავლილი ეს ადგილები, რათა ღირებული მატერიალურ-კულტურული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნას მათი ფიქსაცია და, თუ შესაძლებელია - დაცვა.

აუცილებელია, რომ სარდაფების რესტავრაცია მოხდეს მხოლოდ ტრადიციული სამშენებლო მასალით. დაუშვებელია ცემენტის გამოყენება.

უბნის რევიტალიზაციის პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას სარდაფების პოტენციალი უბნის ეკონომიკური განვითარებისთვის. დღეს სარდაფების უმრავლესობა ამოვსებულია სხვადასხვა ნივთებით და საწყობებად არის ქცეული. საჭიროა მათი წარმოჩენა, მათთვის თავსებადი ფუქციური ადაპტაციის გზით.

III.3. ბეთლემის უბნის განშენიანების სტრუქტურაში დაცული სამშენებლო ფენები

ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საპროექტო უბნის შენობების XIX ს.-ში ფორმირებული გარეგნული სახის უკან, თითქმის ყველა მოცულობა მალავს მის წიაღში დაცულ გვიანი შუა საუკუნეების ფენებს.

ძველი კვალი, შრეებისა და ფრაგმენტების სახით, მოღწეულია აგრეთვე საყრდენი კედლებისა და გალავნის წყობაში.

უფრო ხშირად გვხვდება ქვედა სართულებსა და სარდაფებში დაცული ძველი სათავსები.

ცალკეულ შემთხვევებში, ეს სათავსები გასულია დღეს არსებული შენობების პერიმეტრიდან და მის გარეთ, დამოუკიდებლად არის მიწის ქვეშ განთავსებული, როგორც მაგალითად ქვემო გომის ჩიხი N6 (40) სახლსა და ასკანის ქუჩა N8-ს შორის მიწის ქვეშ დაცული სადგომი ბრტყელთაღოვანი კამარით და შეისრული კედლის ნიშებით და ამავე სახლის უკან, ტერასის საყრდენ კედელში მოწყობილი, გეგმით მრგვალი, სფერული გუმბათით დასრულებული მცირე სათავსი, რომლებიც XVII-XVIII საუკუნის სტრუქტურის ნაწილებია; ასეთივე შემთხვევაა ასკანის IV ჩიხი N3-ისა (28/29) და გომის ქუჩა N3-ის ეზოში (33) დაცული, სავარაუდოდ XVIII ს-ის I და II ნახევრის, აგურის სამცენტრიან-თაღოვანი და ცილინდრულ-კამაროვანი სათავსები ღრმა, თაღოვანი კედლის ნიშებით.

ბეთლემის აღმართი N14-ში (11) XVIII ს-ის სარდაფის სათავსი სახლის გეგმის მხოლოდ წინა ნაწილში თავსდება.

უმეტეს შემთხვევაში ადრეული სათავსები ჯდება ამჟამინდელი შენობების პერიმეტრის ფარგლებში და მეტიც, ისინი ერთგვარად განსაზღვრავს მათ გაბარიტებს, მაგ.: ბეთლემის ქუჩა N7 /დიდი/ (38), სადაც I სართულზე მხოლოდ კიდურა ნაწილებშია სადგომები და მათგან უკეთ მოღწეულ აღმოსავლეთის სათავსს აშკარად აქვს XVII საუკუნის არქიტექტურის ნიშნები. ასევე ემთხვევა XVII ს-ის ქვედა სართულის გაბარიტები XIX ს-ის სახლის ძირითადი ნაწილის გეგმას ასკანის ქუჩა N9/2 -ში.

უაღრესად საინტერესოა შუა საუკუნეების ქალაქგეგმარების მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, მთელი ტერასა, რომელიც დაცულია ასკანის II შესახვევისა და მის გაგრძელებაზე, ასკანის III ჩიხის გასწვრივ, ზედა მხარეს მდგარ სახლებში. შენობათა ეს რიგი იწყება 1980-იან წლებში დანგრეული გომის ქუჩა N1 სახლის ნაადგილევით და გრძელდება - ასკანის II შესახვევი N3 (20), N10/1 (21), ასკანის ქუჩა N9/2 (22), ასკანის III ჩიხი N4 (23), ბეთლემის აღმართი N16ა (12) სახლამდე. XIX საუკუნის I და II ნახევრის ამ სახლებში ძველი სტრუქტურების საფასადო, ან უკანა მხარის არა მხოლოდ გაბარიტები, არამედ მთელი სართული, ზოგჯერ კი მთელი მოცულობაც კი არის შენარჩუნებული.

ასკანის ქუჩა N9/2 (22) სახლი, რომლის დღევანდელი მოცულობა ფაქტიურად XVII საუკუნის შენობის ვერტიკალური განვითარებისა და საინტერესო ტრანსფორმაციის შედეგად არის მიღებული - არსებული ფასეულობის შენარჩუნების, საცხოვრებლის ტრადიციული თბილისური ტიპის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის და არქიტექტურულ გარემოსთან ორგანული კავშირის შენარჩუნების გზით – ჩამოყალიბებულია XIX საუკუნის II ნახევარში.

საგულისხმოა აქვე, ასკანის ქუჩის მეორე მხარეს მდგარი N10/1 (21) სახლის I სართულის ღრმა ნიშებიანი გრძელი და ვიწრო შუა სათავსი, გვერდითი ფასადის ქვედა ნაწილის დიდი ყრუ სიბრტყე, ასევე შენობის არქიტექტურის, მისი აგებულების სხვა არქაული ნიშნები და სარდაფის ამჟამად ჩანგრეული XVII საუკუნის სათავსი /12/ (რის გამო მისი ფიქსაცია-შესწავლა პროექტის ფარგლებში ვერ მოხერხდა, იხ. მ. მანიას ფოტო, ძველი თბილისის სარდაფები, საქართველოს სიძველენი, 3, 2003, გვ. 150-167), რაც ნათლად აჩვენებს ძველი ნაგებობის ტრანსფორმაციას, რომელიც, ძირითადად XIX საუკუნის II ნახევარში უნდა დასრულებულიყო.

ჩანს, ამავე დროს, XIX საუკუნის შუა წლებში, ნაწილობრივ გამოიყენეს და ბეთლემის ეკლესიის ბაქნის საყრდენი კედლის მიმდებარე, შუა საუკუნეების ნაგებობის მძლავრ ნანგრევებს ზედ დააშენეს ბეთლემის აღმართი N16ა (12) საცხოვრებელი სახლი.

განსაკუთრებით საყურადღებოა შუა საუკუნეების აღწერილი ქალაქგეგმარებითი ფრაგმენტის მოსაზღვრე, ზედა ტერასაზე მდებარე ასკანის ქუჩა N11 (24) საცხოვრებელი სახლის ძველი მკლავი, რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, მთელი სიმაღლითა და თითქმის სრული გაბარიტებით შენარჩუნებული XVIII საუკუნის ერთადერთი ნაგებობაა ამ უბანში. იგი წარმოადგენს თბილისური ბანიანი საცხოვრებლის საინტერესო ნიმუშს ვიწრო სარკმლებითა და დედა ბოძით ქვედა, ნახევრად მიწურ სართულში, ხოლო ზემოთ, გვიანი შუა,საუკუნეების ქართული საერო არქიტექტურის ნიმუშებსა და სასახლეებში გავრცელებული ორღიობიანი ფანჯრებით, რომლებიც ხის სარტყლით არის გატიხრული.

ამავე დროის უნდა იყოს, ასევე, მთელი მოცულობით შენარჩუნებული მონასტრის შენობა ბეთლემის ქვედა ეკლესიის ეზოში, ბეთლემის აღმართი N3 (6), რომელსაც ფასადებისა და ინტერიერის მხატვრული დამუშავება უნდა ჰქონდეს მხოლოდ შეცვლილი; საგულისხმოა, რომ მისი რთული არქიტექტურული ორგანიზმი, რომელიც ასკეტური და პირქუში ხასიათით არის გაჟღენთილი, აერთიანებს უფრო ადრეულ, XVII საუკუნის ნაწილებსაც.

ქვისა და აგურის შერეული წყობით შესრულებული ძველი გალავნის ფრაგმენტები ბეთლემის ქუჩა-კიბის (43) გასწვრივ გაყოლებულ განახლებულ გალავანშიც იყო ჩართული, რაც ბეთლემის ქვემო ეკლესიის მოძღვრის მიერ განხორციელებულმა რეკონსტრუქციამ შეიწირა 1999 წელს.

ბეთლემის უბნის საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა, არა მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეების ცალკეულ ფენებს, ან სათავსებს შეიცავს, არამედ მთელ XIX ს.-ის მანძილზე მიმდინარე სამშენებლო პროცესსაც ასახავს.

კვლევამ აშკარად აჩვენა, რომ მათი უმეტესობა ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის სამშენებლო ფენებს შეიცავს, დაწყებული XVII ს.-დან XX ს.-ს ჩათვლით. მშენებლობისა და გადაკეთების პროცესში თვალი ედევნება ტრადიციული საცხოვრებელის ტიპის, მასალების, მხატვრული დამუშავების ხერხების შენარჩუნებას. უბნის არც ერთ ნაგებობაში არ არის სუფთად მოღწეული მხოლოდ ერთი რომელიმე სამშენებლო ფენა. კონკრეტული სახლების საინფორმაციო ბანკში მითითებულია ყოველი შემორჩენილი სამშენებლო ფენის თარიღი. რაც შეეხება უბნის ქრონოლოგიურ სქემას (გეგმა 15), აქ შენობათა დაჯგუფება გარკვეულად პირობითია. ნაგებობების მიკუთვნება ამა თუ იმ პერიოდისთვის მათ სტრუქტურაში დაცული ფენების მნიშვნელობით, ან მასშტაბით არის განსაზღვრული.

III.4. სამშენებლო მეთოდი და ტექნოლოგია

4.1. სამშენებლო მასალა

ბეთლემის უბანში ისტორიული საცხოვრებელი და საინჟინრო ნაგებობების ძირითად სამშენებლო მასალას წარმოადგენს აგური. უმეტესწილად გამოყენებულია ე.წ. ქართული, კვადრატული აგური – 22 X 22 X 5 სმ., მას ზოგჯერ ენაცვლება ე.წ. რუსული, მართკუთხა აგური. ზოგჯერ კვადრატული აგური დეკორატიული დანიშნულებითაცაა გამოყენებული. საყრდენ კედლებში, რომლებიც ზოგჯერ შენობათა კედლების ფუნქციას ასრულებს, გვეხდება აგურის ან ფლეთილი ქვის და, უფრო ხშირად, შერეული წყობა. ცალკეულ შემთხვევებში საძირკვლებისათვის გამოყენებულია ფლეთილი ქვის ან აგურთან შერეული კედლის წყობა.

გადახურვების, აივნებისა და კიბისთვის გამოყენებულია ხის კონსტრუქციები. სახლების კარ-ფანჯრებისთვის ასევე გამოიყენება ხის მასალა.

შემკრავად ძირითადად გამოიყენებოდა თიხანარევი ან მიწანარევი კირის დუღაბი. კირის შემცველობა დუღაბში, როგორც ეტყობა დამოკიდებული იყო დამკვეთის შესაძლებლობაზე.

უბანში ძალიან ცოტა შენობაზე შემორჩა ავთენტური ბათქაშის კვალი. რამოდენიმე მათგანზე შერჩენილია გაჯის კვალი. ასკანის ქ. N11-ის გომის ქუჩაზე გამომავალ ფასადზე შერჩენილი ბათქაშის ლაბორატორიულმა ანალიზმა/13/ აჩვენა, რომ ბათქაში ორი ფენისგან შესდგება. პირველი ქვედა, უფრო სქელია (2 სმ) და შეიცავს: კირს – 50%, თიხა-მიწას – 50%; მეორე, ზედა ფენა უფრო თხელია (0.25 სმ) და შეიცავს: ალიბასტრს – 65-75%, შავ ქვიშას – 25% და მცირეოდენ თიხა-მიწას – 5%.

ზოგიერთ ნაგებობებზე ვხვდებით რკინის ცხაურებიან აივნებს, ჭიშკარს და ღობის დეკორატიულ ელემენტებს.

ეზოს ჭიშკრისთვის, ძირითადად, ხის კარებს იყენებდნენ, თუმცა დღეისთვის უბანში ცოტაღა შემორჩა ავთენტური ჭიშკრები.

ქუჩა-კიბისთვის იყენებდნენ ბაზალტის ქვას. თუმცა, დღეს მათი ნაწილები, ბეთლემის კიბე-ქუჩის გარდა, გვიანდელი ჩარევის შედეგად, შეცვლილია ბეტონის საფეხურებით მდინარის ხრეშის შემავსებლით.

თანამედროვე ნაგებობებში და გვიანდელ მინაშენებში გამოყენებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, ბლოკი, იშვიათად, თანამედროვე აგური და ცემენტი.

გადახურვის ავთენტური საფარია შეღებილი თუნუქი და ცალკეულ შემთხვევებში შემორჩენილია კრამიტი.

4.2. განაშენიანებას კონსტრუქციული გადაწყვეტის სტრუქტურა.

ბეთლემის უბნის ფერდობის ყველაზე დაბალი წერტილიდან (ბეთლემის აღმართის დასაწყისი), უმაღლეს დონემდე (ბეთლემის აღმართი 14), შენობათა კედლები ტერასულად ლაგდება და ქვედა შენობის სარდაფის უკანა კედელი, რომელიც კლდეს ებჯინება, ზედა შენობის აივნის საყრდენია. იზოჰიფერების მართობი მიმართულებით განლაგებული აგურის ღობეები მომდევნო შენობის საძირკვლად იქცევა; საყრდენ კედლებში ჩატანებულია ნიშები, რომელთა შუაკედლისები ზედაშორის შენობისათვის პილასტრის ფუნქციას ასრულებს და ა. შ. მშენებლობის ძირითადი სამშენებლო მასალაა აგური.

4.3. კედლები

საცხოვრებელ სახლებში მზიდი კედლების სისქე სართულის ცვლასთან ერთად ვარირებს 116 სმ-დან 38 სმ.-მდე. როგორც წესი, კედელი შედგება ორი რიგის თითო პირი აგურის წყობისგან, რომელიც შევსებულია სამშენებლო ნარჩენებითა და დუღაბით. ხშირად ქვედა სართულების სქელი კედლების გარე რიგები ორი პირი აგურით არის ამოყვანილი. ზოგჯერ, გალავნის შემთხვევაში, ვხვდებით სამ და მეტი პირი აგურის წყობას.

კედლის წყობაში ხშირად გამოიყენება მძლავრი ხის ძელების კონსტრუქციები, ზოგჯერ მთლიანად კარკასები.

4.4. გადახურვები

სახურავები ხის ნივნივებზეა მოწყობილი. გვხვდება ოთხქანობიანი, ორქანობიანი და ერთ ქანობიანი გადაყვეტა. სხვენის სახურავის დახრის კუთხე 15%-დან 35%-მდე ვარირებს. როგორც წესი, უფრო დაბალი ქანობით არის გადახურული აივანი.

გადახურვის ტიპები:

   

რამოდენიმე სახლზე სხვენის გადახურვის ქვეშ შემორჩენილია ბანური ტიპის გადახურვა – უკვე მტვრად ქცეული მიწისა და ხის მასალის რამდენიმე ფენის შემცველი.

სართულშუა გადახურვები, მიწის ქვეშ მოქცეულ სართულებს შორის, აგურის კამარებითაა შესრულებული. კამარები ცილინდრული პროფილისაა, მაგრამ სათავსის გაბარიტების მიხედვით გვხვდება სფერული ტიპის გუმბათებიც.

შენობის მიწისზედა ნაწილებში სართულშუა გადახურვები, ძირითადად, ხის კოჭებზეა შესრულებული, ტრადიციულად შავი იატაკებით, თიხის საგოზავებით და თბოსაიზოლაციო ყრილებით.

4.5. აივანი

აივნების სისტემა გადაწყვეტილია ძირითადად ორი ტიპის კონსტრუქციების გამოყენებით - როდესაც აივანი მიშენებულია ძირითად შენობაზე, ანუ აივნის კოჭები დაყრდნობილია შენობის მზიდ კედელზე ერთი ბოლოთი, ხოლო მეორე მხრივ ეყრდნობა ხის სვეტებს და გრძივებს; მეორე ტიპის აივნები კონსოლური კრონშტეინებით ჩამაგრებულია ძირითად კედლებში.

ხის დაკიდული აივანი

ხის დაყრდნობილი აივნის სისტემა

რკინის დაკიდული აივანი

 

ბუნებრივია, ამ ორი ტიპის აივნიდან მიწაზე დაფუძნებული - ეზოს მხარეს ეწყობა, რადგან ეზო სახლის მეპატრონის საკუთრებაშია და საშუალება აქვს ქვედა სართულის სამეურნეო სათავსების წინაც მოიწყოს ასე საჭირო ღია დერეფანი. რაც შეეხება ვიწრო ქუჩის პირას მდგარი სახლის ფასადს, აქ მხოლოდ დაკიდული აივნის მოწყობაა შესაძლებელი II სართულიდან ზევით და ქუჩის სივრცეში სახლის გახსნა. ორივე ამ ტიპის აივნები გადახურულია სახლის გადახურვისგან გამოყოფილი, ნაკლებად დამრეცი ქანობით.

ბეთლემის უბნის სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, ორივე ტიპის აივნები ახლავს, თუმცა, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგჯერ მხოლოდ ეზოსკენ, ან ფასადზეა აივანი მოწყობილი (გეგმა 16).

4.6. კიბე

XIX ს.-ის დასაწყისის სახლებში ვხვდებით კედლის სისქეში მოწყობილ შიდა კიბეებს. ისინი, როგორც წესი, ასარბენი საფეხურებით და შეზღუდულ გაბარიტებშია განხორციელებული. სხვენზე ამავალი შიდა კიბის საინტერესო ნიმუში შემორჩენილია გომის ქ. N5/12 სახლის მესამე სართულზე, სადაც აივნიდან მოწყობილი კარით შეიძლება ასვლა. შიდა კიბის ნიმუშები სხვა სახლებშიცაა. ერთერთი ტიპიური ნიმუში სრულყოფილი სახით შემორჩენილია ბეთლემის აღმართზე N8 სახლში, სადაც, გარდა სამივე სართულისა, ამ კიბით ბანზეც შეიძლებოდა მოხვედრა. შიდა კიბეები ყოფილა უბნის ზოგიერთ სხვა, ამჟამად დანგრეულ სახლებშიც.

საცხოვრებელი სახლების დიდ ნაწილს გარედან მიდგმული კიბეები აქვს, ხოლო უფრო მოგვიანო შენობებში კიბის უჯრედი და სადარბაზო ცალკე გამოიყოფა და პარადულად ფორმდება.

კედელში მოწყობილი შიდა კიბე

 

გარედან მიდგმული კიბის ტიპები

სადარბაზო

4.7. გადახურვის საფარი

საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა გადახურულია მოყავისფრო/მოწითალო ფრად შეღებილი შავი თუნუქით, თუმცა მათი უმრავლესობა აჭრელებულია სხვადასხვა დროს ჩატარებული შეკეთებებით (გამოყენებულია: შეუღებავი მოთითიებული თუნუქი, გოფრირებული აზბესტცემენტის ფილებით, თუ ზოგჯერ შემთხვევითი მასალა). კრამიტი შერჩენილია რამდენიმე სახლზე, თუმცა არა სრულად. სავარაუდოდ გამოყენებულია ე.წ. ქართული კრამიტი, რომელიც თბილისში XIX ს-ში იწარმოებოდა. (გეგმა 17)

ეკლესიები გადახურულია შეუღებავი მოთუთიებული თუნუქით და ქვის ფილებით - ლორფინით.

ჩარევის მეთოდოლოგია

ტრადიციული სამშენებლო მასალა და მშენებლობის მეთოდი ერთერთი მთავარი დასაცავი ფასეულობაა ბეთლემის უბანში. აუცილებელია ისტორიული ნაგებობების შეკეთება თუ რესტავრაცია გახორციელდეს ტრადიციული მასალით და თავიდან იქნას აცილებული არათავსებადი თანამედროვე მასალის გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფასადების დამუშავებას ტრადიციული ბათქაშით. არ შეიძლება ფასადის ცემენტის ხსნარით შელესვა, მით უფრო ცემენტის "შხეფის" გამოყენება. დაუშვებელია მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების გამოყენება.

იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა გამორჩეული ღირებულების მქონე ნაგებობის დაშლა-აღდგენა, ტრადიციული მასალით აღსადგენია ნაგებობის არა მხოლოდ სივრცულ-გეგმარებითი და მხატვრული გადაწყვეტა, არამედ გასათვალისწინებელია მშენებლიბის ტრადიციული მეთოდი, კედლების სისქიდან დაწყებული კონსტრუქციული გადაწყვეტით დამთავრებული. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ავთენტური გადაწყვეტა ვერ ითვალისწინებს კონსტრუქციის გრძელვადიან მდგრადობას, მიზანშეწონილია ტრადიციული ტექნოლოგიის გაძლიერებას ტრადიციულივე მეთოდებით, მაგალითად: კირის შემცველობის გაზრდა დუღაბის ხნარში, დამატებითი სარტყელების მოწყობა და ა.შ.

თანამედროვე ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი მასალის კონსტრუქციები სასურველია ახალ ნაგებობებშიც არ იქნას გამოყენებული, მით უფრო, რომ ისტორიული თბილისისთვის და, კერძოდ, ბეთლემის უბნისთვის ტრადიციული სამშენებლო მასალა – აგური, ხე, გაჯი – დღესაც ფართოდ გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში.

საჭიროა მოწესრიგდეს გადახურვის საფარის ერთგვაროვნება. ისტორიული ფოტო მასალა ადასტურებს, რომ განაშენიანების უდიდესი ნაწილი XIX ს-ში თუნუქით იყო გადახურული და კრამიტის საფარი მხოლოდ რამდენიმე შენობას ჰქონდა. დასაშვებია მხოლოდ შეღებილი თუნუქის და კრამიტის გამოყენება. მოთუთიებული თუნუქის გამოყენების შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა შეიღებოს.

III.5. საცხოვრებელი სახლების მხატვრული გადწყვეტა

5.1. საფასადო კედლები

ხის აივნებიანი საფასადო კედლების უმრავლესობა შელესილია და სადაა; იმ შემთხვევში, თუ ღიობები გაფორმებულია, მათ თავსართებსა და სამხრეებს ჰორიზონტალური ნალესობაში გამოყვანილი, სარტყელი აერთიანებს.

 

აგურის შეულესავი კედლები ზოგჯერ დანაწევრებულია ორდერის ელემნტებით: პილასტრებით, ბაზებით, კაპიტელებით. ზოგჯერ ასეთი ფასადის კედელი უფრო სადაა და მხოლოდ პილასტრითა და ფანჯრის ქვეშ ჩაწეული სიბრტყით არის დანაწევრებული.

 

საფასადო კედლების უმრავლესობა ჩაწეულ-სიბრტყიანი პარაპეტით სრულდება. არის სადა, თაროს ფორმის კარნიზით დასრულებული ფასადიც.

საინტერესოა ე.წ. გვერდითი და უკანა (არაპარადული) აგურის შეულესავი ფასადები, რომლებშიც მძლავრი ხის კოჭების კონსტრუქციების სხვადასხვა სქემა იკითხება. ზოგჯერ ამას ემატება კვადრატული აგურის წყობის ორიგინალურობა (ნაგ. N10), რაც განსაკუთრებულ ცხოველხატულობას ანიჭებს ამ ფასადებს.

გააზრებული მხატვრული დამუშავებით გამოირჩევა ბეთლემის აღმართი N8 (5) და ასკანის ქ. N11 (24) სახლების უკანა კედლები, რომლებიც ვიწრო ქუჩა-გასასვლელებისკენ არის მიმართული. აგურის შეულესავ სიბრტყეზე განთავსებულია ცრუ სარკმელები სამკუთხა ფრონტონებით და ქვემოთ ჩაწეული სწორკუთხა სიბრტყეებით, ტიმპანიანი თაღით დასრულებული ღიობების საპირეები, სწორკუთხა საპირეში მოქცეული კედლის ნიშა. ეს პროფილები გამოყვანილია აგურის წყობით. ნაგებობა N24-ის შემთხვევაში ცრუ სარკმლების ზედაპირი კარგი ხარისხის ნალესობითაა გაფორმებული. მსგავსი მხატვრული გადაწყვეტა აქვს ბეთლემის ქ. N7-ის (38) ღიობებითა და ცრუ ღიობებით გაფორმებულ უკანა კედელს იმ განსხვავებით, რომ ფასადი მთლიანად შელესილია.

 

რიგ შემთხვევაში ფასადები გამორჩეულად მდიდრულად არის გაფორმებული, სადაც ღიობების თავსართები და მოჩარჩოება რთულპროფილიანია, ხოლო კედლის სიბრტყეზე დამატებით ჩართულია მცირე ფორმის დეკორატიული ელემენტები: ვარდულები, რომბები, არშიები, კონცენტრული წრეები და ა.შ.

  

5.2. ღიობები

საცხოვრებელ სახლებში გვხვდება შემდეგი ძირითადი ფორმის კარ-სარკმლის ღიობები: სწორკუთხა, მშვილდათაღოვანი, ნახევარწრიული თაღით დასრულებული. ღიობების წირთხლებს, უმეტეს შემთხვევაში, დახრა აქვს და შიგნით ფართოვდება. ზოგ შემთხვევაში, წირთხლების მოწყობა განსხვავებულია სართულების მიხედვით - ვხვდებით ერთდროულად პარალელურ და დახრილ წირთხლებს.

ფასადის მხარეს ღიობები ან სადაა, ან გაფორმებული. ვხვდებით პროფილირებული საპირის და თავსართის განსხვავებულ გადაწყვეტას: ფროტონით დასრულებული, ნახევარწრიული და თაროს ფორმის. ხშირად ეს საპირეები და თავსართები გაერთიანებულია ჰორიზონტალური სარტყელით, რომელიც მთელ ფასადს გასდევს. პროფილები უმთავრესად შესრულებულია აგურის წყობით, რომელიც ხშირად შელესილია, ან შეულესავი. გვხვდება მხოლოდ პლასტიკით გაფორმებული ღიობები.

  

არის ერთეული შემთხვევები უბნისთვის არატიპიური ღიობის მოწყობისა და გაფორმების, როგორიცაა გეომეტრიული ფორმის სადარბაზოს ფანჯრის გრძელი ალათა (40) და მოდერნის მსგავსი ფანჯრის ღიობი (28).

5.3. აივნების გაფორმება

ბეთლემის უბნის საცხოვრებელი სახლების აივნები ტრადიციისამებრ ხისაა.

გარდა ფუნქციური დატვირთვისა, აივნებს ფასადების მორთულობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ისინი განსხვავებულადაა გადაწყვეტილი, რასაც განხორციელების პერიოდი, მფლობელის მატერიალური შესაძლებლობა, არქიტექტორის შემოქმედებითი უნარი და შემსრულებლის ოსტატობა განაპირობებს.

დროის მიხედვით ცვალებადობს მრგვალი და ოთხკუთხა სვეტები, განსხვავებულად ხდება მათი კაპიტელების, ბაზისების, სარტყლების დამუშავება. XIX ს-ის I ნახევრის სახლებში უმეტესად გამოიყენება მრგვალი, მასიური სვეტები კაპიტელებითა და ბაზისებით, მაგალითად ბეთლემის აღმართი N8 (5), ბეთლემის ქუჩა N7 (39), ასკანის II ჩიხი N5 (13), ასკანის I ჩიხი N4 (17), გომის ქუჩა N5/12 (25), გომის ქუჩა N4 (34) და სხვა. მრგვალი და ოთხკუთხა სვეტები ერთდროულად შეიძლება იყოს გამოყენებული და სართულების მიხედვით განაწილებული.

აივნის ტიპები

შესრულების დროის მიუხედავად მოაჯირები აჟურული, რიკულებიანი, ან ყრუდ შეფიცრული კეთდება. განსხვავებულია ორნამენტის მოტივები და პროფილების ჭრის ოსტატობა. ეს სხვაობა კარგად ჩანს სხვადასხვა დროის შენობათა აჟურულ მოაჯირებზე (მაგ.: ბეთლემის ქუჩა N7 (38), ბეთლემის აღმართი N4 (1), ქვემო გომის ჩიხი N4 (41), ბეთლემის ქუჩა N7/პატარა/ (39), გომის ქუჩა N5/12 (25)).

სვეტებს შორის არე არქიტრავული (ბეთლემის აღმართი N8 (5), ასკანის II ჩიხი N5 (13), ბეთლემის ქუჩა N7 /პატარა/ (39)), დაბალთაღოვანი (ბეთლემის ქუჩა N7 (38), კილისებური (ბეთლემის ქუჩა N3 (42)), ან სამყურათაღოვანი კეთდება (გომის ქუჩა N4 (36)). ზოგჯერ სვეტთაშორის არეს თაღისებურ მოხაზულობას სვეტებზე ორი მხრიდან მიკრული მცირე ზომის დეკორატიული სამკუთხა კრონშტეინები აძლევს (ქვემო გომის ჩიხი N5 (18), ასკანის ქუჩა N11-ის (24) კუთხის მოცულობა, გომის ქუჩა N2 (36)). მსგავსად მოაჯირისა, “ფარდაც” აჟურული (ბეთლემის ქუჩა N3 (42)), ან ყრუ ფიცრის (გომის ქუჩა N4 (34)) შეიძლება იყოს.

დაკიდული აივნების დამატებით საყრდენებად სადა ძელებთან ერთად (ასკანის I ჩიხი N4 (17)) მხატვრულად დამუშავებული კრონშტეინებიც გამოიყენება, რომლის ძირს ზედ მიკრული წვრილი ძელაკები არშიისებურ კონტურს სძენს (გომის ქუჩა N5/12 (25)).

აივნის სვეტებზე გადებულ არქიტრავს ერთეულ შემთხვევაში მიკრული აქვს კუწუბებიანი, რკალებიანი, რთულნახატიანი, ან კბილანებიანი არშია (ასკანის III ჩიხი N4 (23), გომის ქუჩა N2 (36), ასკანის ქუჩა N10/1 (21), ასკანის ქუჩა N9/2 (22)). ასეთივე არშიები კეთდება დაკიდული აივნის მოაჯირის ქვეშ ჰორიზონტალურად გაკრულ ფიცარზე (გომის ქუჩა N5/12 (25), N2 (36) და სხვა).

პროფილირებული დაბოლოება შეიძლება ჰქონდეს აივნის გადახურვის დამჭერ კოჭებს.

აივნის დეტალები

აივნის ჩამოთვლილი დეტალების მრავალსახეობის გარდა, განსხვავებულია მათი დამუშავების ტექნოლოგიაც. ზოგჯერ რიკულებს ერთ მოაჯირზე მცირედ განსხვავებული პროფილი აქვს, რაც ხელით დამუშავების შედეგია (მაგ.: გომის ქუჩა N5/12 (25)) სვეტთაშორის თაღებისა და მოაჯირების რთულნახატიანი აჟურული დეტალები ერთიან, საკმაოდ სქელ ფიცარშია გამოკვეთილი (მაგ.: ბეთლემის ქუჩა N3 (42)); უფრო ხშირად აივნის მოაჯირებზე მარტივნახატიანი ორნამენტი თანაბარი ზომის ვიწრო ფიცრებზეა ამოჭრილი, ისევე, როგორც სვეტებზე მიკრული სამკუთხა, დეკორატიული აჟურული კრონშტეინები.

ბეთლემის უბნის XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისის საცხოვრებელ სახლებში გვხვდება ასევე საფასადო, მცირე ზომის ევროპული ტიპის დაკიდული აივნები, რომელთა კონსტრუქციები და დეკორი ლითონისაა. ასეთი აივნები აქვს ასათიანის I შესახვევი N6 (2), ბეთლემის აღმართი N4 (1) და ასკანის I ჩიხი N8 (16) სახლებს.

ჩარევის მეთოდოლოგია

აუცილებელია საცხოვრებელი სახლების მხატვრული გადაწყვეტის მრავალფეროვნების შენარჩუნება და გამოკვეთა-რესტავრაცია, დაკარგული ნაწილების აღდგენა. დიდი სიფრთხილეა საჭირო ღიობების ტიპოლოგიის შენარჩუნებისთვის. დასაცავია არა მარტო ე.წ. მთავარი პარადული ფასადების მხატვრული გაფორმება და მეთოდი, არამედ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შეულესავი აგურის უკანა და გვერდითი ფასადების დაცვას. აგურის ფასადებს უმეტესწილად ესაჭიროებათ ფრთხილი მკურნალობა, კირის ხსნარით წყობის რიგების გამოლესვა და რაც მთავარია სამუშაოების მაღალი ოსტატობით შესრულება.

ბეთლემის უბნის აივნები, მათი მხატვრული გადაწვეტის მრავალფეროვნებითა და შესრულების მაღალი ოსტატობით, უბნის უმნიშვნელოვანესი დასაცავი ფასეულობაა. აუცილებელია ყველა ჩვენამდე მოღწეული აივნის შენარჩუნება და მათი დაკარგული დეტალების, თუ მთლიანად დაკარგული აივნის სისტემების აღდგენა (იხ. კონკრეტული სახლების საინფორმაციო ბაზა), კვლევის საფუძველზე გამოვლენილი მასალის მიხედვით.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს აივნების რესტავრაციის ხარისხს – ხის მასალის შერჩევას, პროპორციებს, მასალის ფლობას და შესრულების ოსტატობას. თავიდან უნდა იქნას აცილებული ხის ჭვირული ორნამენტის მქონე მოაჯირის, ან დეკორატიული ფარდის და კუწუბების ფირფიცრისგან, ან დიქტისაგან, თუ სხვა შეუფერებელი მასალისგან დამზადება და მისი აპლიკაციასავით მიკვრა. ჭვირული ორნამენტის მქონე აივნის დეტალი ტრადიციისამებრ შესაბამისი სისქის (2-1,8 სმ.) ფიცრისგან უნდა გაკეთდეს.

ისტორიულ ნაგებობაზე აივნის სიტემის გახსნის ან აღდგენისას დაუშვებელია არათბილისური კონსტრუქციული სქემისა და პროპორციების, ასევე დეკორატიული მოტივების გამოყენება. მეორეს მხრივ, დაუშვებელია თუნდაც სწორი კონსტრუქციული სქემის ფორმალური, ბუტაფორიული შესრულება. აუცილებელია, ხის საფასადო კონსტრუქციული ელემენტების და დეკორის დეტალების საბოლოო დამუშავება ხელით მოხდეს.

5.4. შუშაბანდი

ბევრ სახლზე აივანი ან მთლიანად, ან ნაწილობრივ შემინულია. ვხდებით გამორჩეული დეკორატიული დამუშავების მქონე ალათებით გაფორმებულ მუშარაბებს, სადაც ზოგჯერ ფერადი მინაც არის გამოყენებული, როგორც მხატვრული ხერხი. ბეთლემის ქ. N3-ის (42) შემთხვევაში მუშარაბი გამოყენებულია კიბის უჯრედში. მუშარაბის ალათების ნახატში გავრცელებულია რომბის, კვადრატის და ობობას ქსელისებრი მოტივები.

გვიანდელი გადაკეთების დროს ხშირად შემინვის ნაცვლად აივანი აგურით არის ამოშენებული ან სხვა არათავსებადი მასალით გადაკეთებული.

 

ასკანის IV ჩიხი N3

შუშაბანდის მოწყობის ტრადიციული მეთოდი. 1999

ასკანის IV ჩიხი N3

შუშაბანდის მოწყობის ტრადიციული მეთოდი. 1999

ასკანის IV ჩიხი N3

გადაკეთებული შუშაბანდი. 2003

გომის ქ. N4

აგურით ამოშენებული აივანი

ქვემო გომის ჩიხი N6

უსისტემოდ გადაკეთებული ტრადიციულად მოწყობილი შუშაბანდი

ქვემო გომის ჩიხი N6

უსისტემოდ გადაკეთებული ტრადიციულად მოწყობილი შუშაბანდი

 

ჩარევის მეთოდოლოგია

შუშაბანდი თბილისური საცხოვრებლის საკმაოდ ტრადიციული ელემენტია. აივნების ნაწილი ხშირად თავიდანვე შუშაბანდისთვის იყო განკუთვნილი, ან მოგვიანებით ხდებოდა შემინვა. შუშაბანდი ისე ეწყობოდა, რომ არ იკარგებოდა აივნის კონსტრუქციული ნახატი და დეკორი. ამ ამოცანას აივნის ხის კონსტრუქციისა და შემავსებლის (რომელიც მხოლოდ ხის მასალისა იყო) ურთიერთდაქვემდებარებით და პროპორციის დაცვით აღწევდნენ.

 

ნახაზებზე ნაჩვენებია ტრადიციული შემინვის მეთოდი, როცა ხის ჩარჩო მაქსიმალურად თხელი კვეთის არის, გარე ჩარჩო 5X7 სმ, შიდა 5X2.5 სმ, ფანჯრის დანაწევრება სადა და მარტივი, ხოლო მოაჯირს უკან მინიმუმ 2 სმ სისქის ფიცარი ეკვრის. იმ შემთხვევაში, როცა აივანზე შუშაბანდის მოწყობა დასაშვებია, ეს აუცილებლად ტრადიციული მეთოდით უნდა მოხდეს. დაუშვებელია აივნის კონსტრუქციული ნახატის დაკარვა, მასზე რაიმე თანამედროვე მასალის მიკვრით, ისევე, როგორც აგურით ამოშენება.

5.5. ღობე, ჭიშკარი

ბეთლემის უბანში ვხდებით აგურის ღობეს ხის ჭიშკრით, აგურის ღობეს რკინის ცხაურების კომბინაციით და რკინის აჟურული ჭიშკრით.

გალავნის ტიპის აგურის ღობე, ქუჩიდან მცირე ენტაზისით და ეზოს მხრიდან ღრმა ნიშებით, აქვს გომის ქ. 5/12-ს (25). გარკვეული რიტმის შემქნელი ჩაწეული სიბრყეებით დანაწევრებული აგურის ღობე შემორჩა, თუმცა ნაწილობრივ ბეთლემის ქ. N 3-ს (42).

   

საარქივო ფოტო მასალიდან ირკვევა, რომ ნაგებობების (28/29) ბუნებრივი ტერასით შემოსაზღვრულ ეზოს აგურის საყდენ სტრუქტურაზე მოწყობილი ხის ღობე ჰქონია.

ტრადიციული გადაწყვეტა ჰქონდა თბილისური სახლის ეზოს ჭიშკრებს. მისი ნიმუშები მრავლად იყო შერჩეულ უბანში. სამწუხაროდ დღემდე მხატვრულად დამუშავებული ჭიშკრის მხოლოდ ერთმა ნიმუშმა მოაღწია, ისიც ნაკლული სახით. იგი ამ ტიპის ჭიშკრის ერთერთი უადრესი, შესანიშნავი გადაწყვეტის მქონე ნიმუშია, რომლის სრული სახე ძველმა ფოტოებმა შემოინახა. მსგავსი ხის ჭიშკარი ჰქონდა ბეთლემის აღმართი N8 (5) სახლის ეზოს.

ასკანის I ჩიხი N4

ისტორიული ფოტო

1997 წელი

2000 წელი

 

კარგად შემონახული ნიმუში, რომელსაც განსხვავებული მასალა და დიზაინი გამოარჩევს, არის ბეთლემის აღმართი N4 სახლის ეზოს ზღუდე აჟურული ჭიშკრით ასათიანის შესახვევის მხრიდან. ასევე საინტერესოა ჭიშკრის გადაწყვეტა ასათიანის I შესახვევი N6 (2) სახლზე: ფასადზე აგურის წყობით შესრულებულ მშვილდათაღოვან დიდ ღიობში სამნაწილიანი ხის კარია ჩასმული, რომლის ზედა, ღია არეებში ლითონის რომბებიანი ბადეებია ჩასმული. საინტერესო სახე აქვს ასკანის ქ. N8-ის ეზოს ლითონის გისოსებს, რომელიც ნაშენ ზღუდეში ჩასმული ჭიშკრით სრულდება.

საარქივო მასალა ადასტრურებს, რომ XIX ს.-ში გავრცელებული ხის ალაყაფის კარი (ფრაგმენტი ზ. ლეჟავას ნახატიდან) ჰქონია გომის ქ. N1 (III); მარტივი, ალბათ შედარებით გვიანდელი, რკინის ჭიშკარი ჰქონია ბეთლემის ქ. N3-ს (42).

დღეს ბეთლემის უბანში სახლების დიდ ნაწილს ეზო შემოზღუდული აქვს ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი, რკინის თანამედროვე მასობრივი წარმოების ღობეებით და ასევე გამოყენებულია უბნისთვის შეუფერებელი ჭიშკრის ტიპები. მათი უმრავლესობა მჭახე ფრად არის შეღებილი და აძლიერებს ამ მცირე არქიტექტურული ფორმის შეუსაბამობას გარემოსთან.

ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი ახალი ღობეები და ჭიშკრები

   

ჩარევის მეთოდოლოგია

აუცილებელია შენარჩუნებულ იქნას ყველა შემორჩენილი ავთენტური ტიპი ღობისა და ჭიშკრის. უნდა აღდგეს და გარესტავრირდეს მათი დაკარგული და ფიზიკურად შელახული დეტალები ტრადიციული მასალით.

იმ ისტორიულ სახლებზე, რომელთაც დაკარგული აქვთ ავთენტური ღობე და ჭიშკარი საჭიროა აღდგეს ტრადიციული მხატვრული გადაწყვეტის ღობე, კვლევის შედეგად გამოვლენილ საარქივო მასალაზე დაყრდნობით, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთი მასალა არ მოიპოვება, მოეწყოს ისტორიული გარემოსთვის შესაფერისი ღობე სახლის ტიპოლოგიიდან გამომდინარე, უბანში ან ისტორიულ თბილისში დაცული ანალოგების საფუძველზე.

5.6. ინტერიერი

ბეთლემის უბნის სახლებში მრავლად არის შემორჩენილი ავთენტური დეტალები, მათ შორის: ფიგურული გულებით დამუშავებული კარები, კარ-ფანჯრები სამნაწილიანი ფრამუგით; განჯინები ავთენტური, დეკორატიულად გაფორმებული კარებით და ღრმა ნიშები. შემორჩენილია ნალესობით მხატვრულად დამუშავებული ბუხრის რამდენიმე ნიმუში და კედლის ღუმელი. ოთახებში, როგორც წესი, ვხვდებით ნალესობით შესრულებულ მარტივპროფილიან კარნიზებს, თუმცა ბეთლემის აღმართი N8 (5) შემორჩენილია გამორჩეული ხის რთულპროფილიანი კარნიზი. მხოლოდ რამდენიმე სახლში შემორჩა ჭერზე კონცენტრულწრეებიანი პროფილირებული ნალესობა, რომელსაც ზოგჯერ არშია შემოუყვება.

         

       

ჩარევის მეთოდოლოგია

კონკრეტული ნაგებობების საინფორმაციო ბანკი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მნიშვნელოვანი ავთენტური დეტალებია დაცული თითოეულ სახლში.

აუცილებელია ამ დეტალების დაცვა და მათი “მკურნალობა”; კონკრეტულად რომელიმე ნაგებობაზე სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისას სასურველია შემორჩენილი დეტალების მიხედვით დაკარგული ნაწილების აღდგენა.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რამდენიმე ნაგებობაში (525) დაცული უნიკალური ბუხრების მიმართ, რომ არ მოხდეს მათი სპონტანური გადაკეთება.

III.6. გარემო – საინჟინრო ნაგებობები

6.1. საყრდენი კედლები

კლდისუბნის შერჩეული მონაკვეთის ზოგადი სტრუქტურული თავისებურება, შენობების განაწილება ხელოვნურად შექმნილ ტერასებზე, რომელსაც სახლების ძველი, სარდაფის სართულებში მოქცეული ნაწილებიც მიყვება და რომლის წინა ხაზი უმთავრესად ქუჩების ქსელის ნახატს შეადგენს, ცხადს ხდის, რომ დაგეგმარების ძირითადი კვანძები წინა საუკუნეებშია ჩამოყალიბებული.

ტერასების საყრდენი კედლები საინტერესო საინჟინრო ძეგლებია, მათი ერთობლიობა განვითარების გარკვეულ სურათსაც ქმნის და კიდევ უფრო ცხოველხატულს ხდის უბანს. ბეთლემის უბანში საყრდენი კედლების რამდენიმე ტიპს ვხდებით: აგურის, ფლეთილი ქვის და შერეული წყობის სხვადასხვა ვარიაციებს (გეგმა 18).

უმეტესი მათგანი დაზიანებულია, ხოლო სპონტანური შეკეთებებით (ცემენტის ხსნარის გამოყენებით, ბეტონის გამოყენებით მდინარის ხრეშის შემავსებლით) შელახულია მათი მხატვრული ავთეტურობა, მათ შორის უბნის საკვანძო მონაკვეთებში.

             

6.2. კიბე-ქუჩა

ბეთლემის უბნის კიბე-ქუჩების უმრავლესობა (გეგმა 6) მარტივი სტრუქტურის ნაგებობებია, რომლებიც ბაზალტის საფეხურებისგან შესდგება, ჰარმონიულად მიუყვება რელიეფს და, საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივ ბაქანში გადადის. საფეხურები  პროფილირებულია, ან სადა.

გამორჩეულია ბეთლემის კიბე-ქუჩა (43), ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, რომელიც ბეთლემის აღმართს ასრულებს. ეს არის კარგად დამუშავებული საინჟინრო ნაგებობა, რომლის პროექტი 1850 წელს შეასრულა თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა ტიმოთე ბელოიმ. ცნობილია, რომ კიბის მშენებლობის პროცესში ტრასა ნაწილობრივ შეიცვალა და არ განხორციელდა პროექტით გათვალისწინებული სვეტებზე მოწყობილი გადახურვა.

კიბე-ქუჩების საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთები დაზიანებულია: ხშირად ავთენტური ქვის საფეხურები დაძრულია, ზოგ მონაკვეთებში საერთოდ დაკარგულია, ზოგჯერ კი, შეცვლილია არათავსებადი მდინარის ხრეშის შემავსებლის ბეტონის საფეხურებით.

          

6.3. ქუჩის და ეზოს საფარი

ქუჩის საფარი XIX საუკუნის თბილისში, ძირითადად, ქვაფენილის იყო. ამისათვის იყენებდნენ რიყის ქვას. საარქივო ფოტოდოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქუჩის პროფილი, ძირითადად, შუისკენ დახრილი ორი სიბრტყისგან შედგებოდა, რაც უკეთ უზრუნველყოფდა დამრეც რელიეფზე გაშენებული უბნისთვის დამახასიათებელი დიდი ნიაღვრებისთვის მიმართულების მიცემას, სწრაფ გატარებას და სახლებში წყლის შევარდნის საფრთხის აცილებას. ასეთი პროფილი ქუჩის კიდეებში მოსიარულეთათვისაც მოხერხებული იქნებოდა.

დღეს უბანში ქუჩის საფარის მდგომარეობა მძიმეა. გაფუჭებული ასფალტის საფარს ქვეშ, თითქმის ყველა ქუჩაზე, იკითხება ავთენტური ქვაფენილის ნაშთები.

რაც შეეხება ეზოებს, აქაც ვხვდებით რიყის ქვების ქვაფენილს და ზოგჯერ აგურის ფენილს (10). ასკანის ქ. N11-ის (24) ეზოს ერთ ნაწილში შემორჩენილია წვრილი რიყის ქვის ვერტიკალურად ჩალაგებული ქვაფენილის ადრეული ფრაგმენტი.

ჩარევის მეთოდოლოგია

გადაუდებელია საყრდენი კედლების ტრადიციული მასალით რესტავრაცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, მცირე მოედნების ტერიტორიაზე ავთენტური კედლის წყობის აღდგენას და რესტავრაციის ხარისხს. აუცილებელია ბეთლემის ქუჩა-კიბის რესტავრაცია და დანარჩენი კიბე-ქუჩების მოწესრიგება – დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ბეტონის ნაწილების დემონტაჟი და ქვის საფეხურების მოწყობა.

აუცილებელია აღდგეს მოკირწყლული ქუჩების ქსელი. სასურველია ეზოებში მოეწყოს ტრადიციული მასალის საფარი.

III.7. საინჟინრო აღჭურვილობა

საინტერესოა მთის კალთაზე შეფენილი საცხოვრებელი მიკროუბნის ისტორიული საინჟინრო აღჭურვილობა, რომელიც თავისთავად გულისხმობს მის სანიტარულ უზრუნველყოფას. ამ თვალსაზრისით გამოყენებული, მაგრამ დღეს უკვე ფუნქციადაკარგული, საინჟინრო გვირაბების, არხების და ჭების ნაშთებს ხშირად ვხვდებით კლდისუბანში. რაც შეეხება წვიმის, თოვლისა და სანიაღვრე სადინარებს, ისინი ყოველ სახლსა და ეზოს ისე უკეთდებოდა, რომ არ შეეწუხებინა მეზობელი. ბანის ირგვლივ ჩაწყობილ ნახევარწრიულ თიხის მილებში იწრიტებოდა ნალექი და სახლის გვერდით გაკეთებული ღარიდან უერთდებოდა საერთო თხრილს ქუჩაში. სხვადასხვა დონეებიდან წყლის გადასვლა გათვალისწინებული იყო ჭებით, რომლებსაც ერთიან სისტემაში მოჰყავდა რუების ქსელი და ლ. ასათიანის ქუჩის მიდამოებში განლაგებულ დიდი ზომის გვირაბებში შეჰქონდა თავისი სანიტარული ტვირთი.

ნახევარწრიული საკანალიზაციო ღარი ბეთლემის ქუჩა-კიბის ზედა კუთხესთან არსებულ ბაქანზე ქვის ფილების ქვეშაა შემორჩენილი და ის შემთხვევით გამოჩნდა ეკლესიის მოძღვრის ხელმძღვანელობით აქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს 1996 წელს, ხოლო ბეთლემის ქუჩა N8 სახლის ეზოში მდგარი ტუალეტის დანგრევისას, 1997 წელს დაზიანებულ იქნა გარედან კვადრატულ აგურებშემოწყობილი, ჩაკირული, განიერი (დაახლოებით 60-70 სმ) მილის ფორმის მქონე მოწყობილობა, რომელიც მიწის ქვეშ დამრეცად ეშვებოდა და, ჩანს, კანალიზაციის ძველი სისტემის ფრაგმენტს წარმოადგენდა. 2003 წ.-ს გომის ქ. N5/12-ის გალავნის რესტავრაციის დროს, გამოჩნდა შიგ გალავანში სპეციალურად მოწყობილ ოთკუთხა ნიშაში, კიბის უჯრედის ბაქანზე განთავსებული საპირფარეშოს თიხის საკანილიზაციო მილი - ერთმანეთში ჩამჯდარი კონუსუი ფორმის კერამიკული მილები. ამ პერიოდისთვის, ბაქანზე კვლავ ფუნქციონირებდა თანამედროვე სისტემით აღჭურვილი საპირფარეშო, ხოლო ძველი - თიხის მილების - სისტემა უკვე გაუქმებული იყო. ეს მილი დღესაც დაცულია გარესტავრირებულ კედელში.

მთის კალთებზე გაშენებული უბნისთვის ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ ნიაღვრების და ღვარცოფის თავიდან ასაცილებელი დამცავი საინჟინრო სისტემის არსებობა (თავის დროზე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გაშენებულ რაიონს, რომელშიაც ჩაწერილია ასევე, კლდისუბანიც, გააჩნდა ნიაღვრების გაყვანის ერთიანი საინჟინრო სისტემა; იგი საკმაო წარმატებით ფუნქციონირებდა 30-40 წლის წინათაც. ჰიდროტექნიკური დანიშნულების ნაგებობების გაბარიტული ზომები გვაფიქრებინებს, რომ ისინი გათვალისწინებული იყო ღვარცოფების მოვარდნის სალიკვიდაციოდ). XIX ს.-ის ბოლო პერიოდის ფოტოზე (დამუშავებულია ფოტო შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოარქივიდან) განაშენიანების ზემოთ, სოლოლაკის ქეზე, კარგად მოსჩანს, ნიაღვრებისაგან უბნის დამცავი მძლავრი კედელი. დღეს ადგილზე დაუმუშავებელი ქვის წყობის მცირედი ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

მიკროუბნის სასმელი და სამეურნეო წყლით მომარაგების საკითხი ასევე მნიშვნელოვანია; გალაქტიონ მინდაძე აღნიშნავს: "ძველი თბილისის ტერიტორიაზე, ფეთხაინის ეკლესიის წინ – აზიზბეგოვის აღმართი N16 – ძველად მოწყობილი ყოფილა ქვის თაღით ნაგები ბუნებრივი წყაროს წყლის ონკანი, მის ცივ და სუფთა წყალს საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის მთელი უბანი ხმარობდა. წყლის სადღეღამისო დებიტი მიახლოვებით 800 კასრს უდრიდა, ქვის თაღში დღესაც ჩასმულია მარმარილოს ქვა წარწერით, რომ ეს წყალდამხარჯი ონკანი 1/X – 1897 წელს ყოფილა გაკეთებული. ზემოთხსენებული ქვის თაღით წყალდამხარჯ ონკანში დღეს ნატახტრის წყალი დის, ბუნებრივი წყარო კი დაკარგულია." /14/ აქ მოყვანილი წარწერა დღეს დაკარგულია და დაბეჯითებით არ შეგვიძლია ვთქვათ, ეს წყარო უშუალოდ აღნიშნული ნაგებობის (12) მეზობლად იყო, თუ ლაპარაკია ბეთლემის კიბის ერთ-ერთი ბაქანის საყრდენ კედელში დაცულ აგურის თაღოვან წყაროზე, რომელიც ასევე გაუქმებულია და მდებარეობს აღნიშნული ნაგებობის გასწვრივ, მაგრამ მოშორებით, (ბეთლემის აღმართი N16ბ-ს რესტავრაციის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გამოკვლევაში ნახსენები წყაროს იდენტიფიცირება). ასეთივე წყაროს კვალია დარჩენილი გომის ქუჩის დასაწყისის აგურის საყრდენ კედელში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სამივე წყარო ერთი ტერასის გასწვრივ ნაწილდება.

ჩარევის მეთოდოლოგია

მიწის სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ისტორიული საინჟინრო აღჭურვილობის ფრაგმენტები უბნის სხვა მონაკვეთებშიც შეიძლება გამოვლინდეს. აუცილებელია მათი დაფიქსირება და შეძლებისდაგვარად დაცვა.

III.8. არქეოლოგია

ბეთლემის უბნის მდებარეობა, მისი სიძველე და უშუალო სიახლოვე თბილისის დედაციხის ტერიტორიასთან,მონოგრაფიულად შეუსწავლელი რთული და მრავალფეროვანი საკულტო ნაგებობების კონცენტრაცია, განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ამ ნაწილს არქეოლოგიური თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ამ უბანის არქეოლოგიური შესწავლა არ ჩატარებულა. სავარაუდოა, რომ უბნის არქეოლოგიური დაზვერვაც კი აუცილებლად გამოავლენს საინტერესო ნივთიერ-კულტურულ ფაქტებს და არც ისაა გამორიცხული, რომ უფრო მნიშვნელოვანი მასალაც წარმოაჩინოს /15/.

გეგმა 19 ასახავს არქეოლოგიური ინტერესების არეალებს, რომელთაგანაც უმრავლესობა წარმოადგენს ისტორიული ნაგებობებისაგან გამონთავისუფლებულ ცარიელ ადგილებს. უბნის სივრცულ-მოცულობითი აღდგენის კონტექსტში ამ ადგილების უმეტესობა ისევ მოცულობებით უნდა შეივსოს. საარქივო კვლევამ გამოავლინა, რომ ამ ადგილებში მდგომ ნაგებობათა უმრავლესობას სარდაფები გააჩნდათ. კლდისუბნის სარდაფების გამორჩეულობას თუ გავითვალისწინებთ, აშკარა ხდება მიწისქვეშ დარჩენილი მოცულობების შესწავლის მნიშვნელობა და აუცილებლობა მანამ სანამ იქ სამშენებლო აქტიურობა დაიწყება.

ამას გარდა, ბეთლემის ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე აშკარად იკითხება არქეოლოგიური ფენები, რომლებიც უბნის რეაბილიტაციის პროცესში ძალიან ფრთხილ მოპყრობას და გამოვლენას საჭიროებს.

ასათიანის ქუჩისა და ბეთლემის აღმართის კუთხეში ჯერ კიდევ დარჩენილია ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის ფასადის კედლის არქეოლოგიური ნაშთები, რაც აშკარად მიუთითებს უბნის ამ ნაწილში ქუჩის ქსელის მონახაზის შეცვლაზე, რამაც სერიოზულად იმოქმედა უბნის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის სივრცულ-მოცულობით განვითარებაზე და აღქმაზე. მნიშვნელოვანია ქუჩის ამ ნიშნულის შენარჩუნება და ამ ეტაპზე მისი, როგორც არქეოლოგიური ნაშთის, გამოკვეთა და პრეზენტაცია.

ჩარევის მეთოდოლოგია

სასურველია გეგმა 19 აღნიშნულ არეალებში ჩატარდეს არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, ხოლო სამშენებლო აქტიურობის დაგეგმვის შემთხვევაში, აუცილებელია წინასწარი არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება. წინასწარი არქეოლოგიური კვლევა იქნება აუცილებელი ყველა იმ შემთხვევაში, როცა ძველი ნაგებობის ახალით შეცვლის მიზნით დაიშლება რომელიმე არსებული ნაგებობა.

III.9. უბნის ავთენტურობა

ბეთლემის უბნით სრულდება შუა საუკუნეების ქალაქის მთის ფერდს შეფენილი განაშენიანება ისტორიული თბილისის სამხრეთ-დასავლეთით. ორმოცამდე არქიტექტურული მოცულობიდან, რომელიც ავსებდა მოცემულ მონაკვეთს, ოთხი საკულტო შენობაა: ორი მართლმადიდებლური ეკლესია, დღეს მომქმედი ზედა და ქვედა ბეთლემის ეკლესიები, ზედა ეკლესიის სამრეკლო და ათეშგა - ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრის ნაშთი; დანარჩენები - საცხოვრებელი სახლებია. დღეისთვის 10 მათგანი დაკარგულია; 2 ძველი სახლის ნაცვლად ბოლო ათწლეულში აშენებული და გარემოსთვის შეუსაბამო თანამედროვე შენობები დგას ბეთლემის ქN9 (II) და N11 (I); ხუთი დანგრეული სახლის ადგილი – გომის N1 (III), ასკანის I ჩიხი N6 (VII), ბეთლემის აღმართი N6 (IX), ასათიანის შესახვევი N12 (VIII) - კვლავ თავისუფალია.

ე.ი. ორმოცამდე ნაგებობიდან დაკარგული ან შეუსაბამოდ სახეცვლილი 17,5%-ია, დანარჩენ 82%-ში სახლების იერსახის ცვლილებები ზედაპირულია, არსებითი გადაკეთება უმეტეს შემთხვევაში მათ არ განუცდია. ფასადების ძირითადი სახეცვლა საცხოვრებელი ფართის გაზრდის მიზნით აივნების შემინვასა და შუშაბანდების გაჩენას უკავშირდება, რომლის დროსაც თითქმის ყველგან ადგილზე დაცულია ავთენტური დეტალები - სვეტები, რიკულები, თუ მოაჯირების ფრაგმენტები, რაც საეჭვოს არ ხდის მათი თავდაპირველი სახის აღდგენის შესაძლებლობას.

გარკვეულ ნაწილებში წაშლილია და გამოკვეთას საჭიროებს უბნის გეგმარებითი და სივრცული გადაწყვეტა: ქუჩების, შესახვევების და ჩიხების დეფორმირებული ქსელი, საყრდენი კედლებით შემაგრებული ტერასები, ბაქნები და პატარა მოედნები მოსაწესრიგებელია.

ისტორიულ შენობათა ავთენტურ ნაწილში სამშენებლო მასალაც ავთენტურია. ესაა აგური, კირი, თიხა, ხე და გაჯი. ახალმშენებლობებში კი ჭარბობს ბლოკი, ცემენტი და რკინა.

უბანში შემორჩენილია თბილისში ერთ დროს ფართოდ გავრცელებული და დღეს ერთეული ნიმუშების სახით მოღწეული ეზოს ჭიშკრის საინტერესო, ადრეული ნიმუში, ასკანის I ჩიხი N4 (17) სახლის ეზოს ხის კარის ერთი ფრთა.

ავთენტურია უბნის საცხოვრებელი ფუნქცია და მოსახლეობა, რის გამო მათთვის ასატანია ცალკეული სახლების მანქანისთვის მიუდგომლობა, აღმართების თუ კიბეების სიმრავლე და სხვა სირთულეები. იგივე დამოკიდებულებას ამჟღავნებს მოსული, ახალი მოსახლეობაც.

ავთენტური განაშენიანება მთლიანობაში არ არღვევს ლანდშაფტის მასშტაბს. ხუროთმოძღვრული აქცენტები ეკლესიების გუმბათების სახით არ არღვევს ჰორიზონტს. ბუნებრივი გარემო და განაშენიანება ჰარმონიულ თანაფარდობაშია. ამის საპირისპიროდ, 60-იან წლებში სოლოლაკის ქედზე დადგმული პლაკატური ქანდაკება - "ქართლის დედა", დიდი ზომისა და პრიალა თეთრი ფაქტურის გამო, დღემდე უცხოდ და მიუღებლად რჩება სიძველის კეთილშობილებით გაჟღენთილ, მწყობრ და გაწონასწორებულ გარემოში.

უბნის ავთენტურობა დასტურდება ისტორიული წყაროებითაც.

ბეთლემის უბანს გამორჩეულობა განაპირობებდა, და დღესაც განაპირობებს, მისდამი ინტერესს ცნობილი მეცნიერებისა და მკვლევარებისა, რის შედეგადაც უბანზე, თუ მის ცალკეულ ნაგებობებზე, სხვადასხვა პერიოდის დოკუმენტაცია და მდიდარი ბიბლიოგრაფია მოიპოვება.

როგორც ისტორიული, ისე სხვადასხვა პერიოდის საარქივო ფოტო მასალა თბილისის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე კიდევ ერთი უტყუარი არგუმენტია ბეთლემის უბნის ავთენტურობისა. გამორჩეული მხატვრული ღირებულების გამო, უბნის სხვადასხვა ხედები არაერთხელ აღუბეჭდავთ ცნობილ მხატვრებს, რაც მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს უბნის შესახებ.

დავით კაკაბაძე. სერიიდან - ძველი თბილისი. 1918. ბეთლემის ქ. N11

ახტანგ ცინცაძე. გომის 4-ის გრაფიკული რეკონსტრუქცია

  

ვახტანგ ცინცაძე. გომის 5/12-ის გრაფიკული რეკონსტრუქცია

 

ვახტანგ ცინცაძე. გომის 5/12-ის და ბეთლემის 3-ის ანაზომი

 

ვახტანგ ცინცაძე. ბეთლემის 11-ის გრაფიკული რეკონსტრუქცია

 

ზურაბ ლეჟავა. 1. გომის 5/12; 2. გომის ქუჩა

 

რევაზ ბერიძე. 1974. 1. ბეთლემის კიბე-ქუჩა; 2. ბეთლემის ქ. N11; 3. გომის ქ. N5

  

მაია მანია.   1990. გომის ქუჩა; ბეთლემის აღმართი; 1999. ბეთლემის 5/12; 2000. ასკანის I ჩიხი N4